„ლელოს ფანებო, არ გამოგრჩეთ შუხუთში გამართული ლელოს დღესასწაული! წელსაც გურიაში, კერძოდ ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ შუხუთში, ისტორია ცოცხლდება და ლელობურთი ისევ იმართება. თუ გსურთ მხიარული, ემოციური და ტრადიციებით სავსე დღესასწაული, ეს ნამდვილად თქვენი შანსია! გურიაში გატანილი ლელო უფრო მეტია, ვიდრე უბრალოდ თამაში – მოემზადეთ დაუვიწყარი დღესასწაულისთვის, მიიღეთ მონაწილეობა და ისიამოვნეთ გურული ექსტრემით! ლელოს დღესასწაულს ჯადოსნური ძალა აქვს: ვინც ერთხელ მაინც ყოფილა ლელოზე, დაბრუნება ყველას ენატრება. ტურისტებისთვის ეს არის არა მხოლოდ სანახაობა _ ეს არის საოცარი ფოტოისტორია, თავგადასავალი და ცოცხალი ისტორია. ლელოს ამაღელვებელ მომენტებს მხოლოდ შუხუთში ეზიარები! ლელობურთი გურიის სავიზიტო ბარათია!“ _ წერს ონლაინგამოცემა Travelnews.ge, რომელიც ქართული ტურიზმის საოცრებების აღმოსაჩენად დამხმარე გზამკვლევია.
გამოცემა ესაუბრა ლანჩხუთის ტურიზმისა და სოფლის მეურნეობის ხელშეწყობის ცენტრის დირექტორს, ეკატერინე ჩუბინაშვილს, რათა გაეგო, როგორ ემზადება სოფელი შუხუთი დღისთვის, როცა წარსული და აწმყო ერთიანდება.
– გვიამბეთ ლელოს ტრადიციაზე. რა მნიშვნელობა აქვს ლელოს თამაშს გურიისა და საქართველოს კულტურულ ისტორიაში?
– „ლელო“ ქართული ეროვნული სპორტის ერთ-ერთი უძველესი სახეობაა, რომლის ფესვები საუკუნეთა სიღრმეში იკარგება. მისი არსი ძალასა და გამძლეობაზეა აგებული — მოთამაშეები ცდილობენ ბურთი გადაიტანონ მოწინააღმდეგის ჩათვლის ხაზს იქით, გამოიყენონ ჯგუფური შერკინება ფიზიკური კონტაქტით, ან ინდივიდუალური გამძლეობითა და სისწრაფით გაიჭრან წინ.თამაშის დროს მნიშვნელოვან როლს თამაშობს როგორც გუნდური თანამშრომლობა, ასევე ინდივიდუალური მეტოქეობა – სისწრაფე, ჭკუა და ფიზიკური გამძლეობა.

ეკატერინე ჩუბინაშვილი: „ვინც ერთხელ მაინც დაესწრო ლელოს, აუცილებლად ბრუნდება“
„ლელობურთმა“ განსაკუთრებული პოპულარობა დასავლეთ საქართველოში, კერძოდ კი გურიაში მოიპოვა. მისი ტრადიცია ორასწლიან ისტორიას ითვლის. ყოველ აღდგომას, სოფელ შუხუთში, ლელოს შერკინება იმართება. ეს უნიკალური ტრადიცია ქართული არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლადაა აღიარებული.
ზემო და ქვემო შუხუთს შორის შერკინება იმდენად საკვირველია „რკენაი საკვირველი“ უწოდეს. გადმოცემის თანახმად, სწორედ შუხუთ-ნიგოითის მიდამოებში, 1854 წლის მაისში, გურულმა რაზმებმა დაამარცხეს სელიმ ფაშას მრავალრიცხოვანი ჯარი და მოკლეს მოღალატე ხასანბეგ თავდგირიძე – ფიგურა, რომელიც ქართულ ფოლკლორში “ხასანბეგურას” სახით ცოცხლობს. რომელიც ნახსენებია ქართული ფოლკლორის მარგალიტში – „ხასანბეგურა“.
– როგორია ლელოს პირველად მნახველთა რეაქცია ამ ტრადიციაზე?
– პირველად გაოცება და გაკვირვება იგრძნობა ლელო ახლებურად აცნობს ადამიანს საკუთარ თავსაც, ისტორიასაც და ქართულობასაც. ეს თამაში უცხოა მათი თვალისთვის. თუმცა მალევე ეჩვევიან, და გულშემატკივრობას იწყებენ ისე გულით, თითქოს თავადაც თამაშში მონაწილეობენ.
– რას ამჩნევთ უცხოელი ტურისტების გამოხედვაში თამაშის დაწყებისას?
– დაბნეულები არიან – აგდების შემდეგ ბურთი უჩინარდება. მას ხალხის მძლავრი მასა ფარავს. ისინი მხოლოდ მოძრაობის დინამიკას უყურებენ, როგორც ბობოქარ ვულკანს. რამდენიმე წუთში ეს დაბნეულობა ცოცხალი ინტერესით იცვლება.
– რომელი მომენტია ტურისტებისთვის ყველაზე ემოციური ან დაუვიწყარი?
– განსაკუთრებით ემოციურია ბურთის მოწინააღმდეგის მხარეს გადატანის და დამიწების წამი. ბრძოლით დაღლილი, მონაწილეების ყიჟინა ამაღელვებელია და დაუვიწყარი.
– რა იზიდავს სტუმრებს ლელოს დღესასწაულში ყველაზე მეტად?
– ალბათ, მაგნიტია ფიზიკური გამძლეობის, გუნდური სულისკვეთებისა და მიზანდასახულობის უნიკალური კომბინაცია. ასევე მოთამაშეთა გამბედაობა, რომლებიც ფიზიკურ დაზიანებათა შიშს აიგნორებენ.

„ლელო ახლებურად აცნობს ადამიანს საკუთარ თავსაც, ისტორიასაც და ქართულობასაც“
– ტრადიციული სტუმრიანობა ყოველ წელს იმატებს? რას ამბობს ხალხი, ვინც უკვე რამდენჯერმე დაესწრო – რაშია ლელოს მაგია?
– ვინც ერთხელ მაინც დაესწრო ლელოს, აუცილებლად ბრუნდება. მასში იბადება სურვილი კვლავ დაბრუნდეს. მუნიციპალიტეტი ყოველ წელს ახალ ელემენტებს ამატებს დღესასწაულს, რაც კიდევ უფრო მრავალფეროვანს და შთამბეჭდავს ხდის ლელოს დღეს.
– რას ეტყოდით ადამიანს, ვინც პირველად აპირებს ლელოს ნახვას?
– მოემზადოს! ეს არ არის უბრალოდ თამაში – ეს არის მკაცრი, ხშირად დაუნდობელი შერკინება. ხედავ მხოლოდ ადამიანების მასას, რომლებიც 16 კილოგრამიან ბურთს მთელი ძალით უბიძგებენ მიზნისკენ.
– თქვენი აზრით, რა უნდა იგრძნოს სტუმარმა ლელოზე – გარდა თამაშის ყურებისა?
– ლელოს მაყურებელი მხოლოდ სპორტს კი არ ეძებს — ის მოდის ერთიანობის, კოლორიტისა და გულწრფელი მასპინძლობის ზეიმის შესაგრძნობად. სპექტაკლს ჰგავს. ეს დღე საერთო ემოციის დღეა. ცოცხალი კულტურის ამაღელვებელი ეპოზოდი.
– თუ გიფიქრიათ, როგორ შეიძლება გახდეს ლელოს დღე კიდევ უფრო სამახსოვრო და შთამბეჭდავი? რა ინოვაციურ ელემენტებს დაამატებდით?
– საინტერესო იქნებოდა, თუ თამაშის დაწყებამდე თეატრალიზებულად ასახავდნენ გურიის ისტორიას, გურული მხედრების გამოსვლით. შთამბეჭდავი იქნებოდა და გურული გასტრონომიული და კულინარიული კულტურის უფრო მრავალფეროვანი ჩვენებაც. ეს კიდევ უფრო გააღრმავებდა ემოციას. ასე, რომ ვისურვებდით, ლელოს ცერემონიალს თეატრალიზებული ელემენტები დაემატოს: გურული მხედრობის დემონსტრაცია, ისტორიული რეკონსტრუქციები, ტრადიციული მუსიკისა და ცეკვების ცოცხალი შესრულება. ასევე, კულინარიული ფესტივალის ორგანიზება, სადაც ტურისტებს შეეძლებათ გურული გემოვნების სრული პალიტრის შემოწმება.
– როგორ ფიქრობთ, რა დანიშნულება აქვს ლელოს დღესასწაულის გამართვას და რა ემოცია მოჰყვება სტუმრებს, როცა მათ ამ ტრადიციაში მონაწილეობა შეუძლიათ?
– ეს დღე აცოცხლებს ტრადიციას. სტუმრები არამხოლოდ მაყურებლები, არამედ ამ სულიერი ცერემონიის თანამონაწილენი ხდებიან. ლელო ახლებურად აცნობს ადამიანს საკუთარ თავსაც, ისტორიასაც და ქართულობასაც.
შორენა მერკვილაძე
[სტატია სრულად იხილეთ ბმულზე: https://shorturl.at/CJMzM]