დღეს საღამოს, ლანჩხუთის სამუსიკო სკოლაში თქვენ გელოდებათ გამორჩეული შემსრულებლები და დაუვიწყარი მუსიკალური შოუ!

|

Loading

„გურია თუდეის“ მისალოცი ლანჩხუთის სამუსიკო სკოლის 60 წლის იუბილეზე, 2019 წ.

ლანჩხუთი, მესამე წელია, ივნისის პირველ კვირაში მუსიკით ცხოვრობს. ქალაქის ცენტრში სამუსიკო სკოლისკენ მიმავალ გზაზე გამოკრული ტრანსპარანტი მიგვანიშნებს, რომ მუნიციპალიტეტი სახელოვანი კომპოზიტორის, კარლ ჩერნის III კონკურსს მასპინძლობს. ჩეხური წარმოშობის ავსტრიელი კომპოზიტორი და პიანისტი საუკეთესო მასწავლებლად ითვლებოდა და იმისთვის, რომ ბავშვები უკეთ დაუფლებოდნენ ფორტეპიანოს, იგი იყენებდა თავის ეტიუდებს, რომელიც 800-ზე მეტი აქვს შექმნილი. სწორედ ამან გაუთქვა სახელი…

ლანჩხუთისა და სუფსის სამუსიკო სკოლებთან ერთად კონკურსში წელსაც არაერთი ქალაქის სახელოვნებო თუ სამუსიკო სკოლა მონაწილეობდა. გურიას ოზურგეთიც წარმოადგენდა, ლანჩხუთის სამუსიკო სკოლის დარბაზში ასევე თავის გამოჩენას ცდილობდნენ ნორჩი პიანისტები ზუგდიდიდან და ხობიდან, ფოთიდან და წალენჯიხიდან, ზუგდიდიდან და აბაშიდან, მარტვილიდან და სენაკიდან, მთელი იმერეთიც აქ იყო _ ქუთაისის, ტყიბულის, ზესტაფონის, ჭიათურის, სამტრედიის, საჩხერის პროფილური სასწავლებლების წარმომადგენლები, აჭარა კი ბათუმელმა პიანისტებმა წარმოაჩინეს.

მათ გამოსვლებს კომპეტენტური ჟიური აფასებდა ხელოვნების აკადემიის ხელმძღვანელის, სახელგანთქმული პიანისტის, ვალერიან შიუკაშვილის თავკაცობით. ბატონი ვალერიანი გახლავთ კიდეც ამ მასშტაბური კონკურსის მთავარი სულისჩამდგმელიც.

კონკურსის ჟიური: ვალერიან შიუკაშვილი (თავმჯდომარე), ვიქტორია ჩაპლინსკაია, მამუკა სიხარულიძე

„მადლობა კონკურსის ორგანიზატორებს მუსიკის ზეიმისთვის და ბავშვების გახარებისთვის. განსაკუთრებულად გამორჩეული, ლამაზი, დასამახსოვრებელი და ხალისიანი ფინალი იყო“ _  დაიწერა ჯერ კიდევ პირველი კონკურსის შემდეგ ზესტაფონის ხელოვნების სკოლის ფეისბუქ-გვერდზე.

ეს სულაც არაა გასაკვირი: იმხელა შრომასა და სიყვარულს დებენ კონკურსის ორგანიზატორები, რომ სხვანაირად არც შეიძლება იყოს. მარტო ის რად ღირს, რომ მსოფლიო დონის პიანისტი ამდენ დროს უთმობს მომავალ თაობას, ის თავიდან ბოლომდეა ჩართული კონკურსის ყველა დეტალის მოგვარებასა თუ მაღალი შედეგის ჩვენებაში. მკაცრი და სამართლიანი შემფასებელი, გაგიკვირდებათ, ისეთი უბრალოა ურთიერთობებში. ვერც კი იგრძნობ, რომ საქმე დიდ მაესტროსთან გაქვს.

ეს, რა თქმა უნდა, უადვილებს საქმეს კონკურსის მასპინძელს _ მარიკა ორაგველიძის სახელობის სამუსიკო სკოლას, რომლის ხელმძღვანელი მაია ჩავლეიშვილი უთქმელად და ზედმეტი აფიშირების გარეშე, თავის კოლექტივთან ერთად, იდეალურად ახერხებს ამ მართლაც მასშტაბური ღონისძიების მასპინძლობას.

თანაც ისე, რომ არც სტუმარ-მასპინძლობაში ეშლებათ უმნიშვნელო დეტალიც კი  და უშუალოდ კონკურსშიც ხომ ყოველთვის მაღალ შედეგებს აჩვენებენ.

ისევე, როგორც სუფსის სამუსიკო სკოლა _ შეუძლებელია, არ აღფთოვანდე, თუ რა ხარისხს დებენ ნანი მარგალიტაძე და მისი სკოლის მასწავლებელთა გუნდი. როგორც იცით, სუფსის სამუსიკო სკოლას ახალი შენობა აქვს და გვჯერა, ხელოვნების ახალი ნავსაყუდელიდან კიდევ უფრო გაგვაოცებენ სუფსელი მუსიკოსების წარმატებებით.

კონკურსის ფოტოალბომი

რა თქმა უნდა, ასეთი დონის კონკურსის უმაღლეს დონეზე ორგანიზებაში განსაკუთრებულია სახელოვნებო სკოლათა გაერთიანების წვლილი. მისი ხელმძღვანელის, ლია ურუშაძის ძლიერ მხარედ, სხვა მრავალთან ერთად, უთუოდ ითვლება ორგანიზატორული ნიჭი, რასაც ათწლეულებია ლანჩხუთის სხვადასხვა დარგი, განსაკუთრებით კი _ სახელოვნებო სფერო გრძობს. რა გასაკვირია, რომ გამოცდილ ხელმძღვანელს ირგვლივ შრომისმოყვარე ადამიანები ჰყავს შემოკრებილი. ცალკე უნდა ვთქვათ სოფო ებრალიძეზე _ კონკურსის ე.წ. „შავ საქმეს“ ისე დაუზარელად, დიდი რუდუნებითა და პროფესიონალიზმით ასრულებს, შექებას და მადლობას ერთად იმსახურებს…

აქვე ჩვენს წარმატებულ გურულ პიანისტებზეც ვთქვათ. I ხარისხის პრემია დაიმსახურეს _ თამარ კურტანიძემ, ბარბარა შველიძემ (ორივე ლანჩხუთის სამუსიკო სკოლა), ანა არიშვილმა (სუფსის სამუსიკო სკოლა) და ლუკა სარიშვილმა (ოზურგეთის სამუსიკო სკოლა). III ხარისხის პრემიით დაჯილდოვდებიან _ ბარბარე კვაჭაძე და მარიამ მურუსიძე (ორივე ლანჩხუთი). დიპლომებს მიიღებენ _ ანამარია ვადაჭკორია, ანასტასია ქამაშიძე (ორივე ლანჩხუთი) და გეგა მახარაძე (სუფსა), ხოლო სიგელები გადაეცემათ _ მარიამ ამშიკაშვილს, ნუცა რუხაძეს (ორივე ლანჩხუთი), ეკატერინე ქარჩავას, ლიკა ბოლქვაძესა და მელანია ჯიბლაძეს (სამივე სუფსა).

დღეს გამოვლინდება მაყურებლის სიმპათია, ხოლო ვალერიან შიუკაშვილის პერსონალური პრიზი არტისტიზმისთვის გადაეცემა ცნობილი პიანისტის რჩეულს. ლანჩხუთის სახელოვნებო სკოლა ასევე სამ მონაწილეს დააჯილდოებს.

აქვე ჟიურის სხვა ორი წევრიც არ დაგვავიწყდეს _ ზ. ანჯაფარიძიის  პრემიის ლაურეატი ვიქტორია ჩაპლინსკაია და სამუსიკო ხელოვნების დოქტორი მამუკა სიხარულიძე…

დღეს, საღამოს 6-ზე, ლანჩხუთის სამუსიკო სკოლის მცირე საკონცერტო დარბაზში გაიმართება გალა-კონცერტი და ლაურეატთა საზეიმო დაჯილდოების ცერემონია. თქვენ გელოდებათ გამორჩეული შემსრულებლები და დაუვიწყარი მუსიკალური საღამო!

მათე გურული

რას ჩივი?