„გურია მხოლოდ პოლიტიკა, კრიმანჭული და იუმორი არ არის. გურია ფიზიკური შრომაცაა, რომელიც თავისთავად მოიცავს პოლიტიკას, კრიმანჭულსაც და განუმეორებელ, ბუნებრივ და ჩვეულებად ქცეულ იუმორსაც“
ასეთი წარწერა აქვს გაკეთებული ლანჩხუთელ პოლიტიკოს ნიკა (ლუკა) მაჭუტაძეს 2015 წელს გამოქვეყნებულ ფოტოზე. ოპოზიციის ერთ-ერთი ლიდერი გურიაზე საინტერესო ჩანახატებს ხშირად წერს. გთავაზობთ ერთ-ერთს, რომელშიც წინასაახაწლო განწყობებია:
_ გურიაში ვარ. იქ, სადაც განახლება, როგორც შინაგანი წყურვილი და რწმენითი გარდუვალობა იმ ყოფით სიდუხჭირეზე უფრო რეალურია, რაც ასე ჩაგრავს და შესაბამისობას ართმევს გურიას, დანარჩენ ქვეყანასაც.
მაგრამ მაინც – აქ არის წყურვილი სიახლის და ამასთანავე, დარჩენა საკუთარ თავად. ისეთად, როგორადაც შეიძლება გურული წარმოვიდგინოთ რამდენიმე საუკუნის წინანდელი – „წილ ქართლოსისა“, მისი განმეორება, მსგავსი და ამრეკლავი ყოველი საქართველოსი და ზუსტად ამდენადვე განსხვავებული, ამდენადვე თავისთავადი, ღრმა ინდივიდუალობით, რომელიც არასდროს გადასცდენია ეთიკურობას. მის პირდაპირობაში, მოსხეპაში, ლაპიდარულობაშია მისი ეთიკურობაც – უამრავ ხმაში, რომელიც უნდა გამორიცხავდეს თითქოს ერთმანეთს, ასეცაა, მაგრამ სწორედ მაშინ იბადება მთლიანობა, განუმეორებელი მოულოდნელობით, გამაოგნებელი მომენტუმით, შინაგან წყობასა და მდინარებას რომ მოაქვს, ამის ამოხეთქვას და არა იმდენად დროს, არა იმდენად ქრონოსს. სადაც ფეთქდება გურია, იქ ფეთქდება დროც და უძლებს კიდევაც მის შემძლეობებს. უძლებს და რჩება სწორედ ამ ხმებით, ამ შენაკადებით, ამ სხვადასხვაგვარი აზვირთებებით, შინაგანი წინააღმდეგობებით, შემავსებლებით, გამომრიცხველობებით, მარადიული თეზებითა და ანტითეზებით. სინთეზის სხივი და საერთოდ, სხივი.
კონტრაპუნქტია გურია. ყველგან და ყველაფერში კონტრაპუნქტია. მისი სული სწორედ ესაა – უამრავის უამრავი ცდა მთლიანობის მისაღწევად. პირადი გამოცდილებებით, საკუთარზე საკუთარი გზებით ერთიანისგან რომ განიტოტება და ისევ თავს იყრის.
გურია სოციალური და პოლიტიკურია იმთავითვე. თითქოს, ის ცხოვრობს გარეთ. მისი შინაგანი მუდამ ცდილობს გარეთ გამოსვლას. ფიცხია, აალებადი, უმალვე შემწყნარე და ლმობიერიც, მაგრამ მას აქვს მუდმივი ცდები, გურია მუდმივად ექსპერიმენტირებს. ყოველი ახალი მისთვის უკვე მიღებულია. ის ფეთქავს სიახლეებით, მაგრამ ცხოვრობს საკუთარი თავით – აქ აიტაცებენ ახალს, თავსაც გადადებენ, გაბედავენ, მაგრამ რჩებიან იმად, რაც იყვნენ.
თითქოს, მატერიალიზმია მის მთავარ სახასიათო ხაზებში, მის პროფილში, მის აღქმებში, მაგრამ, ამასთანავე, „ანგელოზს დაინახავს მოდარაჯე კაცის თვალი“, როგორც გასაოცარი პოეტური ხილვით გააშუქა და გააცხადა აქაურობის ეს უმთავრესი ამბავი გალაკტიონმა. სინამდვილეში, არა მატერიალიზმი, არამედ ეს არის სწორედ გურიის განცდა, მისი ძირითადი ხილვა.
„არსად ისე არ მღერიან, როგორც აქ ამ ქვეყანაში“ და კიდევ: არსად ისე არ იტყვიან, როგორც აქ, არსად ისე არ განაცხადებენ. განცხადება გურიის მთავართაგანი ამბავია. აქ აცხადებენ ყოფითზე ყოფით ცხოვრებაშიც – თავიანთ განწყობებს, პოზიციებს, ხშირად სიგიჟეებს, უდახვეწილეს გონებამახვილობებს, აქაურ ნიჭით გაჟღენთილ და ხალას თქმებს ბადალი არ მოეპოვება.
ის, რასაც გურიაში იუმორს ეძახიან, იუმორზე მეტია. რაღაცით მეტი – თავისი ფუნქციით, მნიშვნელობით. იარაღია, თითქოს, ინსტრუმენტი.
გურიაზე იციან, რომ ეს ფირალების და რევოლუციონერების მხარეა. არადა, ეს არის არისტოკრატების ქვეყანა, მისი ჯერაც შეუსწავლელი წარსული გაჯერებულია არისტოკრატიული ხაზებით, ნაკვთებით, არისტოკრატიული დაუშლელობით, კულტურით, სწრაფვით. გურიის სწრაფვა მუდამ აზნაურული იყო, თავისუფალი იმდენადვე, რამდენადაც ირეკლავდა საუკეთესო პროფილს სულიერ, მენტალურ, პიროვნულ ჭრილებში.
ადამიანები გურიიდან. პიროვნებები გურიიდან – მდიდარნი და სავსენი მთელი ისტორიით. და საუკენეთა განმავლობაში ფირალებსა და რევოლუციონერებზე მეტად გურიიდან გამოდიოდნენ საქართველოს საუკეთესო ფილოსოფოსები, პოეტები, მწერლები, მხატვრები, მუსიკოსები, თეოლოგები, სარდლები, კათოლიკოს-პატრიარქები, დიპლომატები, წმინდანები, გმირები… სახელმწიფო მოღვაწეები. თვით გურული რევოლუციონერების უმრავლესობა სწორედ სახელმწიფო კაცად იქცა და დამოუკიდებელი საქართველოს დაცვასა და მშენებლობაში ჩაიძირა. ოჯახები, რომლებიც ქმნიდნენ, ინახავდნენ, გადასცემდნენ, ავრცელებდნენ ტრადიციას, მეხსიერებას… უზრუნველყოფდნენ მეხსიერების უწყვეტობას.
კონტრაპუნქტი, პოლიფონია ამხელს გურიის იდეალს, მისი თავგადასავლის უმთავრეს თავისებურებას. კოლექტიურობა მუდამ ებრძვის ინდივიდუალიზმს, სურს დასჩაგროს გურულის ინდივიდუალური თვითაღქმა. ორი ოპოზიციის ეს ჯახი საბედისწეროა – კოლექტიურის მიერ ინდივიდუალურის დაჩაგვრაში იჩაგრება გურული, როგორც ტიპი, როგორც განსაკუთრებული ნიჭიერებისა და მშვენიერების საბადო. შეუძლებელია ჰარმონია იყოს კოლექტიურში. ჰარმონია მხოლოდ პოლიფონიაში – აქ ახსენდება გურულს სიამაყე, აქ პოულობს ასპარეზს, აქ იბადება ხელახლა, როგორც კულტურული ტიპი, როგორც ყველასგან გამორჩეული ზეიმი ადამიანური შესაძლებლობების.
სწორედ ამიტომაც ცეცხლითა და მაუზერით დამყარდა აქ კოლმეურნეობები. ჩვენი ხალხი გრძნობდა, მან იცოდა თუ რა საშინელ საფრთხესთან ჰქონდა საქმე და ეს საფრთხე გაცილებით უარესი, ღრმა და საშინელი იყო, ვიდრე ერთი შეხედვით, ზედაპირულადვე ჩანდა.
გაზაფხულის ქვეყანაა. გურია გაზაფხულისაა – არსად არ მინახავს გაზაფხული ასეთი მშვენიერი, როგორც გურიაში. გაზაფხული აქ ქმედითია, ცოცხალია, ცხოველმყოფელია. ალბათ, ყველგან და მაინც, აქ არის განსაკუთრებული. ყველაზე ადრე სწორედ გურიაშია გაზაფხული, ერთ ღამეში, ერთ საათში, ერთ რაღაც მისტიურ წამში შეიძლება დაიბადოს – თავისი სურნელით, ფერებით, ხმებით, აფეთქებით… შესაძლოა თვალის დახამხამებაც ვერ მოასწრო. „გაზაფხულის მთები მწვანე“ – სწორედ ასე ხედავდა ქართული პოეზიის ნათელმხილველი. ხასიათიც ამგვარია – მოულოდნელი და უეცარი გურიის გაზაფხულივით.
გაზაფხულიდან კალანდამდე და პირიქით. კალანდა, რომელიც მას აკავშირებს მთელს დასავლურ ცივილიზაციასთან. ყოფით, აღქმით, მისწრაფებებით, თავისებურებებით. მსოფლაღქმა გურულის დასავლურია სავსებით. აქ არანაირი აზია არ არის. აზია ყველგანაა და ყველაზე ნაკლებად გურიაში. რომის და ბიზანტიის სივრცე კვლავ აქაა, ის ცოცხალია – გავრცელებულ სახელებში, ჩვევებში, მეხსიერებაში, ყოფასა და ურთიერთობებში.
ძველი გურია დაინგრა მატერიალურად – აღარ დგანან ციხე-კოშკები, სასახლეები, ძველი ტაძრები… აქა-იქ შემორჩენილა გურიის ისტორია, როგორც ძეგლი, როგორც ხელშესახები თვალსაჩინოება. გურია ყველაზე მეტად ანტიბოლშევიკური იყო. ამიტომაც, ყველაზე მეტად ის დაისაჯა, ხვრეტაც მეტი იყო, დევნაც და ნგრევაც. წინაპრებისგან ვიცი – რაც კარგი იყო დაანგრიეს, ვინც კარგი იყო გააქციეს და დახვრიტეს… გურიით აღფრთოვანებულს ხშირად მეტყოდნენ: შენ ის უნდა გენახა, ძველი გურია, ძველი გურულები… თუმცა, აქაურობას აქვს მარადიული განახლების, საკუთარ თავთან დაბრუნების განსაცვიფრებელი უნარი. ხშირად, ეს წამიერი გაელვებაა, მაგრამ ის წამი სრულიად გარდამტეხია ხოლმე.
სწორედ გარდამტეხი ხალხის, გარდამტეხი ამბების, გარდამტეხი სულისკვეთების ქვეყანაა, სადაც „ანგელოსს დაინახავს მოდარაჯე კაცის თვალი“.