დღეს, „გურიამ“ ამხანაგური შეხვედრა ფრედ, 1:1 ითამაშა გორში, საქართველოს მოქმედ ვიცე-ჩემპიონ „დილასთან“.
ორივე გოლი პირველი ტაიმის პირველ ნახევარში გავიდა _ ჯერ გორელებმა ისარგებლეს გურულთა ცენტრალური მცველის, დავით მაისაშვილის გაძევებით და სანამ გურულები შეცვლას მოახდენდნენ, ანგარიში გახსნეს.
რამდენიმე წუთში კი, დათა სიჭინავამ დაახლოებით 35 მეტრიდან ზუსტად შეასრულა საჯარიმო და მატჩის საბოლოო ანგარიში დააფიქსირა, 1:1.
ლანჩხუთელთა შემადგენლობაში „გურიას“ ლეგენდარული ფეხბურთელისა და ახლა დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარის, მერაბ ჟორდანიას შვილმა, ლევან ჟორდანიამ ითამაშა. საინტერესოა, რომ „გურიას“ ღირსებას იცავდა მისი ბაბუა _ ლეო ჟორდანიაც.
29 წლის შუახაზელს რამდენიმე ქართული გუნდის გარდა უცხოურ კლუბებშიც აქვს ნათამაშები, მათ შორის ირიცხებოდა ჰოლანდიური „ეინდჰოვენის“ შემადგენლობაში, ჭაბუკობისას კი, ასევე ნიდერლანდური კლუბის, არნემის „ვიტესის“ ღირსებას იცავდა.
„გურია თუდეის“ ექსკლუზიური ინფორმაციით, იგი და ვატო არველაძე (საქართველოს ნაკრებისა და თბილისის „დინამოს“ ყოფილი ფეხბურთელის, რევაზ არველაძის შვილი) გოჩა ტყებუჩავას გუნდს გააძლიერებენ.
ვატო 28 წლისაა და ამპლუით შემტევი ნახევარმცველია. მასაც ქართულ და უცხოურ კლუბებში აქვს ნათამაშები, საქართველოს ყველა ასაკობრივ ნაკრების ღირსება დაუცავს, ასევე რამდენიმე შეხვედრა ეროვნული გუნდის შემადგენლობაშიც ჩაატარა.
დღეს მას არ უთამაშია, რადგან ვარჯიშზე მცირე ტრავმა მიიღო. ამავე მიზეზით ვერ ითამაშა კიდევ ორმა შემტევმა _ თემურ შარაშენიძემ და ვანო წილოსანმა.
„გურია“, 2 აპრილს, ქედის „ბეთლემს“ ისევ ფოთში უმასპინძლებს, რადგან ევგრაფი შევარდნაძის სახელობის სტადიონზე სამუშაოები მიმდინარეობს. გოჩა ტყებუჩავას გუნდს წინა ორივე შეხვედრა დიდი ანგარიშით მოგებული აქვს და ლიგა-2-ში დაწინაურების მთავარ ფავორიტად ითვლება.

