„გურიას“ ლეგენდამ და დიდმა გულშემატკივარმა, მერაბ ჟორდანიამ ლანჩხუთის კლუბის მომავალზე გადაცემაში „სპორტი იმედზე“ ისაუბრა.
მან „არაგველებთან“ მატჩის ემოციები კიდევ ერთხელ გამოხატა: „ევგრაფ შევარდნაძემ, ბუტა ჟორდანიამ, შალვა კაკაბაძემ, იმედო დუნდუამ, ნოშრე ნარიაშვილმა და სხვებმა შექმნეს ლეგენდა იმის შესახებ, რომ ლანჩხუთის ფეხბურთი გამორჩეული ყოფილიყო… 10-ათასიანი ქალაქის გუნდი უგებდა კიევის “დინამოს”, “შახტარს” და დღევანდელი 8 ქვეყნის წამყვან გუნდებს… ასეთი სიამოვნება და სიხარული მაშინ არ მიმიღია“ _ თქვა ჟორდანიამ.
მისივე თქმით, კლუბის წინაშე არსებული ფინანსური დავალიანება სრულად დაიფარება და შეიქმნება ღირსებული ბიუჯეტი საიმისოდ, რომ ორ წელიწადში ლანჩხუთის კლუბი უმაღლეს ლიგაში აღზევდეს. „ასევე აქტიური სამუშაოები მიმდინარეობს ჩვენს ქალაქში სტადიონის გაკეთების თაობაზე, რომლის ტრიბუნებიც 5 000 ადამიანზე იქნება გათვლილი, თუმცა ჩემი ვარაუდით და იმ უდიდესი სიყვარულიდან გამომდინარე, რაც ლანჩხუთელებს ფეხბურთის მიმართ აქვთ, ტევადობის გაზრდა აუცილებლად დაგვჭირდება“ _ თქვა წარსულში „გურიას“ ერთ-ერთმა გამორჩეულმა მოთამაშემ.
მან დაასახელა ის პირები, ვინც „გურიას“ მართვაში ჩაერთვებიან: „გუნდს ჩემი შვილი, კახი ჟორდანია უხელმძღვანელებს, რომელმაც პირობა მომცა, რომ ნებისმიერი შედეგის მიუხედავად, „გურიას“ არასოდეს მიატოვებს და ამ კლუბის ფინანსურ უზრუნველყოფაზე უარს არასდროს იტყვის. გარდა ამისა, მინდა გითხრათ, რომ დირექტორთა საბჭოს წევრები ვიქნებით მე, მამუკა აბუსერიძე, ავთო ქანთარია, ბადრი დანელია, გოჩა ტყებუჩავა, დავით ცომაია, ოთარ კორღალიძე, გია გურული, ბესო ფრიდონიშვილი და მერაბ თევზაძე – ანუ ის ფეხბურთელები, რომელთა დახმარებითაც კლუბმა 1989 წელს უმაღლესი ლიგის საგზური მოიპოვა“ _ განაცხადა მერაბ ჟორდანიამ.
რამდენიმე დღის წინ, „გურია თუდეი“ ექსკლუზიურად გაავრცელა ინფორმაცია, რომ ლანჩხუთის „გურიას“ 100%-იან წილს სფფ-ის ექს-პრეზიდენტის, მერაბ ჟორდანიას შვილის, კახი ჟორდანიას კომპანია ყიდულობს

