იშვიათად ვხდებით, მაგრამ სატელეფონო საუბრებით ხშირად ვუზიარებთ ერთმანეთს საკუთარ აზრებს მე – მის, ის კი – ჩემს შემოქმედებაზე,სხვა საკითხებზეც, რასაკვირველია.
ის უკვე ცნობილი გრაფია თავის პროფესიაში, მე კი – რიგითი კალმოსანი ჩემსაში;
მას უკვე ოცდაერთი ფოტოალბომი აქვს გამოცემული უმაღლეს პოლიგრაფიულ დონეზე, სოლიდური ტირაჟით და ოცდაერთივე გამოცემაზე დღეს ტაციაობაა, მე კიდევ მხოლოდ მეხუთე საავტორო წიგნზე ვმუშაობ;
მის შემოქმედებას, ანტარქტიდის გარდა, ყველა კონტინენტზე იცნობენ და აღიარებენ, ამერიკელი, ფრანგი, გერმანელი, იტალიელი, კანადელი, ჩინელი და სხვა ქვეყნების პროფესიონალები შედევრულადაც მიიჩნევენ, ჩემს შემოქმედებას კი, მხოლოდ ციცქნა გურია იცნობს, ისიც ნაწილობრივ.
მიუხედავად, ასეთი ვეებერთელა სხვაობისა, ერთმანეთს ჯიუტად ვეჯიბრებით მშობლიური მიწა-წლის სიყვარულში.
მოდით, ახლა ცოტა უცნაური ექსპერიმენტი ჩავატაროთ: თანამედროვე ქართულ ფოტოხელოვნებას, პირობითად, ამ კაცის ნამუშაკარი ჩამოვაშოროთ. დამიჯერეთ, თვალსაწიერზე უზარმაზარ სიცარიელეს დავინახავთ, რომლის ამოვსება და სრულყოფილად გამრავალფეროვნება მხოლოდ და მხოლოდ მას, ბადრი ვადაჭკორიას ძალუძს.
რამდენიმე თვის წინათ, ჩემს დას, რომელიც ოცდაათ წელზე მეტია სტრასბურგში ცხოვრობს, ოტაველმა ფეისბუკმეგობარმა მისწერა, რომ საქართველო ბადრი ვადაჭკორიამ და მისმა ერთ-ერთმა ფოტოალბომმა შეაყვარა, „აუცილებლად უნდა გავიცნო ბადრი და ვნახო თქვენი ზღაპრული ქვეყანა, გამოგივლი, ერთად წავიდეთ, ყველანაირი ხარჯი ჩემზე იყოსო“.
საბედნიეროდ, ქართველებს მრავალი სახელდებული ფოტოხელოვანი ჰყავდა და ჰყავს, რომელთა შემოქმედებას ვერც დრო ახუნებს და და ვერც შემდგომი ცივილიზაციური მიღწევები ფოტოინდუსტრიაში. სპეციალისტთა აღიარებით და არა ჩემი აზრით, ამ სახელდებულთა შორის ბადრი ვადაჭკორია, უდავოდ, ერთ-ერთი გამორჩეული ლიდერია. თუ რატომაა, – ამაზე უკვე ჩემს აზრს მოგახსენებთ მოკრძალებით:
საქმე ისაა, რომ ბადრის ფოტოაპარატზე ნაკლებად არც კალამი ემარჯვება, ობიექტივიდან ახალგამოჭყეტილ გამოსახულებას ისე დაასათაურებს, უორმაგებს მიზიდულობის ძალას, შეხედავ, წაიკითხავ და ვერ შორდები, რადგან მის სუნთქვასა და მაჯისცემას გრძნობ.
ერთია კიდევ – ვადაჭკორიას სტატიკურ კადრშიც დინამიკური ელემენტები იკითხება, აღარაფერს ვამბობ სივრცობრივად უკიდეგანო კომპოზიციებზე, ულამაზეს პეიზაჟებსა და ხასიათობრივ პორტრეტებზე.
ბადრი ვადაჭკორიას ფოტოალბომებში ვრცელი ადგილი უჭირავს ღვაწლმოსილი საეკლესიო პირების რეალურ სახეებს, ქვეყნის შიგნით და დაკარგულ ტერიტორიებზე მდებარე ქართული საეკლესიო ძეგლების ილუსტრაციებს. 2007 წელს, როგორც თვითონ მითხრა, ყველაზე საპასუხისმგებლო მისია იკისრა, როცა საქართველოს ეპოქალური კათალიკოს-პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესის, ილია მეორiს ფოტომემატიანეობას შეუდგა, რა თქმა უნდა, ყოველგვარი გასამრჯელოს გარეშე. ქართული ეკლესიის დღევანდელობისა და მომავლისთვის ათასობით აუცილებელი კადრი გადაიღო. ეს საქმიანობა ოდნავად არ შეუნელებია პანდემიის ურთულეს წლებშიც. სწორედ მაშინ დაულოცავს პატრიარქს: „ბადრი, შენ ისეთ საქმეს ეწევი, 120 წელს იცოცხლებო!“
„ასე იყო, თემურიკო, მაგი და დარჩენილი ორმოცდაერთი წელი, რაც შეიძლება, ნაყოფიერად უნდა გამოვიყენო, ახლა გავრბივარ,თხუთმეტ წუთში „რუსთავი-2-ის“ პირდაპირ ეთერში ვიქნები, ხვალ თვითონვე დაგირეკავ“, – მითხრა ერთი კვირის წინათ და ბოდიშის მოხდით ტელეფონი გათიშა.
ჰო, თქვენც შენიშნავდით,ამ ბოლო დროს ტელევიზიებში გამოსვლებს მოუხშირა. ვეხუმრე კიდეც, ბიჭო, შენ ვადაჭკორია ხარ და ბრეჟნევი არ გახდე-მეთქი. მეორე დღეს ფეისბუკით დამიკავშირდა, უფრო იმიტომ, სიტყვა არ გაეტეხა. დილის რვა საათზე დუშეთში იყო უკვე, ფოტოაპარატები აეხირხლა, შევატყვე, არ ეცალა ჩემთვის, ისევ სადღაც მიიჩქაროდა. აღარ მოვაცდინე, მინდორში ქარს არ ვდევ-მეთქი, -ჩავუნისკარტე და მობილური გამოვრთე -სამაგიერო ხომ უნდა გადამეხადა…
თავი რომ არ მოგაბეზროთ,აი, ასეთია ჩემი და თქვენი ბადრი ვადაჭკორია, ყოველთვის მოუხელთებელი და ყოველთვის მოუცლელი, მაგრამ ყოველთვის სანდო და თბილი.
ბოლოს კი, „გურია თუდეის“ საშუალებით, ერთი წინადადებით შემოვდივარ ლანჩხუთის ხელმძღვანელობისა და ლანჩხუთელი საზოგადოებრიობის წინაშე: მოვაწყოთ ლანჩხუთში ბადრი ვადაჭკორიას შემოქმედების პერსონალური გამოფენა, იმსახურებს ეს კაცი, არა იმიტომ, რომ ჩემი ჯგუფელი და მეგობარია, არამედ იმიტომ, რომ საყოველთაოდ აღიარებული, ფოტოხელოვანი და საკმაოდ ცნობილი მოღვაწეა, თბილისისა და თავისი მშობლიური ლანჩხუთის საპატიო მოქალაქეა, რაც ყველაზე მეტად ეამაყება. კარგ იქნება თუ ამ საქმეს მაინცა და მაინც ბადრის 120 წლისთავს არ დავუკავშირებთ, მანამდეც შეიძლება.
სპეციალურად „გურია თუდეისთვის“




