3
რეკლამა N8
რეკლამა N1
რეკლამა N2
ექსკლუზივი: ლანჩხუთის ე.წ. ძველი საავადმყოფო იყიდება!
ექსკლუზივი: ლანჩხუთის ე.წ. ძველი საავადმყოფო იყიდება!
20-01-2021, 11:57

„ამ საავადმყოფოს ექიმები სასწაულებს ახდენდნენ ავტომატების ტყვიების წვიმაში, გაყინულ, ჩაბნელებულ შენობაში, „ჭრაქის“ შუქზე გინესის წიგნში შესატან ოპერაციებს აკეთებდნენ. ექიმები და პაციენტები ერთ ჯამში ჭამდნენ და სახლიდან წამოღებული „მისი არჩივი მუგუზალით“ თბებოდნენ...“

"გურია თუდეის" ექსკლუზიური ინფორმაციით, ლანჩხუთის ე.წ. ძველი საავადმყოფო იხურება. მრავალი დაპირება იყო, რომ აღნიშნული სამედიცინო დაწესებულება თანამედროვედ მოეწყობოდა, მათ შორის ბიძინა ივანიშვილმა გამოთქვა სურვილი, მძიმე მდგომარეობაში მყოფ საავადმყოფოს ფინანსურად დახმარებოდა. მაშინ ციფრიც დასახელდა, 1,5 მილიონი ლარის ფარგლებში.
ვინ გადააფიქრებინა და რატომ ჩაიშალა პროექტი, როცა თითქმის გადაწყვეტილი იყო "ქართუს~ მიერ საავადმყოფოს რეაბილიტაციის დაწყება, ამის შესახებ არსებული ვერსიების შესახებ მომდევნო ნომერში მოგითხრობთ.
„გურია თუდეი" ამ თემის გაშუქებას სწორედ მომდევნო ნომრისთვის აპირებდა, მაგრამ გუშინ საავადმყოფოს თანამშრომლის, თეონა ქურიძის ემოციური წერილი გავრცელდა:
„ყველაფერი 2016 წლის აგვისტოში დაიწყო...
პირველად შევხვდი ადამიანებს, რომლებიც მუშაობდნენ მხოლოდ ერთმანეთის და პაციენტების სიყვარულით და  მხოლოდ სიყვარულით, თითქმის ანაზღაურების გარეშე და ეს გრძელდებოდა წლები, თვეები, დღეები.
ითმენდნენ ყველაფერს....
ერთმანეთის სიხარულს და მწუხარებას იზიარებდნენ და საღამოს სახლში, ფულის ნაცვლად,პაციენტების და კოლეგების სიხარულები და მწუხარებები მიჰქონდათ.
პანდემიისა თუ ეპიდემიის პირობებში,სრულიად დაუცველები, ზოგჯერ საკუთარი ინფიცირების ხარჯზე სულს უბერავდნენ და აცოცხლებდნენ კლინიკას, პაციენტებს...
ეს არ იყო მხოლოდ მუშაობის სურვილი, ეს იყო სურვილი, რომ არ დასრულებულიყო ის დიდი ისტორია, რასაც „ძველი საავადმყოფო“ ჰქვია, ისტორია, რომელიც ინახავს მოგონებებს თაობებზე...
ჩემთვისაც არ არის ეს შენობა, უბრალოდ ნაძვებში მდგარი ბავშვობის მოგონება, სადაც ჩემი და უამრავი ჩემი ახლობლის სიცოცხლე დაიწყო ან გადარჩა. ჩემთვის ეს შენობა ბრძოლის და მოთმინების სიმბოლოა,სადაც ყველას დევიზი ქართული ანდაზა „ვინც მოითმენს, ის მოიგებს“ იყო.
და მე მინდა ვიცხოვრო ისეთ ქვეყანაში, ისეთ ქალაქში, სადაც სწავლით და მუშაობით, ბრძოლით და არ დანებებით, თუნდაც სიბერეს მიტანებული ექიმი, სახლში ბედნიერი წავა, იმის იმედით, რომ შვილიშვილებს რაღაც ღირებული, დიდი ისტორიის ნაწილი შემოუნახა და ამისთვის ღირდა ბრძოლა და მოთმინება.. ეს “ძველი საავადმყოფოა“ და ჩვენ ის გვჭირდება!“ _ წერს თეონა ქურიძე და როგორც კომენტარებიდან ირკვევა, ესაა საავადმყოფოს თანამშრომელთა პოზიცია.
„ცრემლებს ვერ ვიკავებ. ეს არ არის მარტო ისტორიულად ძველი საავადმყოფო, ეს იმ ადამიანების -ექიმების, ექთნების, სანიტრების, ტექნიკური პერსონალის მთელი ცხოვრებაა, უძილო ღამეებით, სიკვდილზე გამარჯვების სიხარულით, ზოგჯერ მძიმე დასასრულით, 5-6 თვის დაგვიანებით აღებული ხელფასით, მაგრამ მაინც მომავლის იმედით!“ _ წერს ლანჩხუთის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ხელმძღვანელი ნატო მენაღარიშვილი.
„რამდენი თაობის, ექიმებისა და ექთნების, სანიტრებისა და სხვათა სახელებსა და გვარებს უფრთხილდება და სიამაყით იხსენებს ეს საავადმყოფო. რამდენი ურთულესი ოპერაცია დასრულებულა წარმატებით, სიცოცხლის გაგრძელებით. უძლიერეს პროფესიონალებს ეამაყებოდათ ლანჩხუთის რაიონულ საავადმყოფოში მუშაობა. ომიც არ დამთავრებულა ისე, 24-საათიანი გრაფიკით რომ არ ემუშავა ჩვენს მედპერსონალს, რომელმაც გაუძლო სახელმწიფო რეგულაციებს, გაღარიბებული პაციენტების შველას, უხელფასობას. პერსონალი, რომელიც შეიშვენებდა ინფრასტრუქტურულად გამართულ სამუშაო კაბინეტებს. მეამაყებით მე თქვენ. იმედს ვიტოვებ ლანჩხუთის მუნიციპალიტეტს კვლავ დაუბრუნდება კონკურენტუნარიანი მრავალპროფილური ინფრასტრუქტურით ახალი კლინიკა“ _ ეს ექიმ ნონა მურვანიძის სურვილი და ოცნებაა.
წერილს „ძველი საავადმყოფოს“ დიდი გულშემატკივრის, ჩვენი კოლეგის, ლალი ლომაძის სიტყვებით დავასრულებთ: ამ საავადმყოფოს ექიმები სასწაულებს ახდენდნენ ავტომატების ტყვიების წვიმაში, გაყინულ, ჩაბნელებულ შენობაში, „ჭრაქის“ შუქზე გინესის წიგნში შესატან ოპერაციებს აკეთებდნენ. ექიმები და პაციენტები ერთ ჯამში ჭამდნენ და სახლიდან წამოღებული „მისი არჩივი მუგუზალით“ თბებოდნენ...

  • ნანახია: 131-ჯერ
  • ბოლო ნომერი
    18.03.2021
    სხვა ნომრები
    ჩვენ უკვე 12 000 ვართ
        გამოკითხვა
    რა მიგაჩნიათ ლანჩხუთის მთავარ პრობლემად?
  • რეკლამა N7
    გურია today ყველა უფლება დაცულია © 2021