რეკლამა N8
რეკლამა N1
რეკლამა N2
მაღალ ქალაქურ დონეზე! ქართულ-უკრაინული შედევრი ლანჩხუთის თეატრის სცენაზე
მაღალ ქალაქურ დონეზე! ქართულ-უკრაინული შედევრი ლანჩხუთის თეატრის სცენაზე
17-06-2021, 16:01

დიდი სასიხარულო მოლოდინია, შენს პატარა ქალაქში ახალი სპექტაკლის მოლოდინი. ეს სიხარული კი ორმაგდება, როცა პრემიერა წარმატებით ჩაივლის. 15-16 ივნისს შედგება პრემიერა „46 შეხება“, რომელშიც ქართველ მსახიობებთან ერთად უკრაინელი მსახიობებიც მიიღებენ მონაწილეობას _ იუწყებოდა მოსაწვევი, რომელიც სახლში მივიღე.
ორი დღე მოუთმენლად ველოდი. გაგონილი მქონდა, რომ მაყურებელი სცენაზე დაიკავებდა ადგილს... 
35 წლის წინ, კინო-მსახიობის თეატრში მიხეილ თუმანიშვილის სპექტაკლში „ლურჯი ცხენები წითელ ბალახზე“... აქ ლენინის როლს მურმან ჯინორია ასრულებდა...

... მთელი პუბლიკა სცენაზე აღმოვჩნდით. ჩაბნელებული სცენა ნათდენა და მაყურებელი ხედავს იატაკზე დაყრილ  ადამიანთა სხეულებს, რომლებიც თანდათან ცოცხლდებიან. ყველას მოგეხსენებათ ჩემი სიყვარული ქორეოგრაფიის და სხეულის პლასტიკის მიმართ. ამიტომ ჩემი მხედველობის არეს არ გამოპარვია ხელის ერთი პატარა ჟესტიც კი. უმალ მივხვდი, რომ მის მიღმა იდგა ნიჭიერი პროფესიონალი ქორეოგრაფი. ერთმანეთში არეული, განსხვავებული ქაოსური საცეკვაო ილეთები, რომლებსაც ერთმანეთთან თითქოს არაფერი აკავშირებთ და არც არავითარი კანონზომიერება არ აქვთ, მაგრამ მაინც აქვთ საერთო: ისტერია, ხასიათი, მიზანი და ეს მისაღებია. მარი ზარიძის მიერ ლამაზად შესრულებული ჯაზი თუ ბლუზი - აქ ჩანს რეჟისორის გემოვნება.
სპექტაკლი სავსეა ორიგინალურობით. სცენაზე არავითარი დეკორაცია. ამ ფუნქციას ასრულებს სცენის იატაკზე ცარცით დახატული (რომელიც  იშლება კიდეც მოვლენების შესაბამისად) სხვადასხვა ფიგურა. ჭერს ქვემოთ მოთავსებული პატარა ეკრანი, სადაც იწერება იმ ტექსტის  ქართული თარგმანი, რომელსაც უკრაინელი მსახიობი გულიანად ამბობს.
არავითარი თეატრალური კოსტუმები, რომელთა არ არსებობა სიცარიელეს სულაც არ ქმნის. ის შავი მაისურები და თეთრი კაპიშონიანი მოსაცმელები სრულიად საკმარისია. თითქმის არავითარი აქსესუარები რეკვიზიტები და არც ფერები _ მათ ნაცვლად უბრალო წებოვანი ლენტები.
ყველაფერში იგრძნობა რეჟისორის, ოთარ ქათამაძის ამოუწურავი ტალანტი.
ახლა კი უმთავრეს უნდა შევეხო. დღეს სწორედ ესაა აქტუალური, სისხლხორცეული, მტკივნეული, რომლისთვის თავიც კი უნდა გასწირო. ეს სამშობლოს სიყვარულია. გურამ დოჩანაშვილი ვახსენოთ: „სამშობლოსთვის, ეს ხომ ისეთი სიყვარულია, დაფარვა რომ სჭირდება, იმდენად ნაღდი და ნათელია, უხერხულია თქმა...“
ეს დიდი ტკივილია ქართველებისთვის და უკრაინელებისთვის.
სცენაზე ერთმანეთს ცვლიან ბრძოლის სცენები, იწირება ახალგაზრდების სიცოცხლე. ეს 9 აპრილია! ეს აგვისტოს ომია! ეს უკრაინელები იცავენ სამშობლოს და იღვრება უმანკოთა სისხლი. 
მიუხედავად პროფესიისა, ყველა სამშობლოს იცავს. ბავშობის მოგონება, უკრაინული დროშის ფერები, მგრძნობიარე სიტყვები მონიტორზე _ ყველაფერს კი  კვალად მიჰყვება რეჟისორის შეუდარებელი ნიჭი, რომელსაც გულწრფელად ვაღიარებ და მე აღფრთოვანებაში მოვყავარ. მას დისციპლინის სიყვარულიც ეხმარება, ეს აუცილებელია ყველა საქმეში.
უნიჭიერესი ახალგაზრდა უკრაინელი და ქართველი მსახიობები!
ზემოთ ჩამოთვლილი საწინდარი გახდა იმისა, რომ პრემიერამ  მოლოდინს გადააჭარბა.
რეჟისორს, ბატონ ოთარ ქათამაძეს, მთელ დასს, ქორეოგრაფს, ბატონ დავით წერეთელს, ბატონ გრიშა ჯაფარიძეს და ყველა თანამშრომელს ვულოცავ ამ დიდ წარმატებას.

განსაკუთრებით მივულოცავ ჩვენს უკრაინელ მეგობრებს, რადგან ჩემს ახალგაზრდობაში არაერთხელ ვყოფილვარ სამსახურეობლივი მივლინებით კიევში, მისეირნია ხრეშჩატიკზე, ვყოფილვარ ლავრაში, ქალაქის ცენტრში რუსთაველის ქუჩა რომ აღმოვაჩინე, უზომოდ გავიხარე.
სპექტაკლის შემდეგ რეჟისორს, ბატონ ოთარს მივეახლე, მივულოცე. მან გაიღიმა და მას სახე ბავშური, ძალიან ბავშური გაუხდა. ესეც ტალანტის თვისებაა.
ბრავო, მაესტრო!
მარინე ბარამიძე, სპეციალურად „გურია თუდეისთვის“

  • ნანახია: 182-ჯერ
  • ბოლო ნომერი
    18.03.2021
    სხვა ნომრები
    ჩვენ უკვე 12 000 ვართ
        გამოკითხვა
    რა მიგაჩნიათ ლანჩხუთის მთავარ პრობლემად?
  • რეკლამა N7
    გურია today ყველა უფლება დაცულია © 2021 ავტორი: Project Maker