3
რეკლამა N8
რეკლამა N1
რეკლამა N2
„ლანჩხუთში ჭორი გავრცელდა, თითქოს ბევრია კოვიდინფიცირებული, რაც არის ტყუილი"
„ლანჩხუთში ჭორი გავრცელდა, თითქოს ბევრია კოვიდინფიცირებული, რაც არის ტყუილი"
27-03-2021, 16:30

„გურია თუდეის“ მოაწოდეს ინფორმაცია, რომ ლანჩხუთში ერთ-ერთ ქალბატონს კორონა ვირუსი მეორედ დაუდასტურდა და ის მკურნალობის კურსს „მედალფას“ კლინიკაში გადის.  კომენტარისთვის „მედალფას“ კლინიკის მენეჯერს რევაზ კვერენჩხილაძეს დავუკავშირდით:
,,არ არის სწორი ინფორმაცია.  ვიცი, ვისზეც მეკითხებით, ამ ქალბატონს კორონავირუსი პირველად დაუდასტურდა. ის ჩვენთან გადის მკურნალობას. საერთოდ, ბოლო ხანებში ლანჩხუთში არაერთი ჭორი გავრცელდა, თითქოს ბევრია კოვიდინფიცირებული და ა.შ. ეს ყველაფერი არის ტყუილი. ისიც ითქვა, რომ ევიკო ჩიჩუამ ვაქცინა გაიკეთა და ცუდად გახდა, ბათუმში გადაიყვანესო. გუშინ ამაზე მთელი ლანჩხუთი საუბრობდა. ევიკომაც გააკეთა განცხადება, სოციალურ ქსელშიც დაწერა, რომ ჭორია ეს ყველაფერი. ერთად ვიყავით მე და ევიკო მთელი დღე, შევხვდით ჯანდაცვის მინისტრს, რომელიც ოზურგეთში იყო ჩამოსული და ამ დროს აქ საუბრობდნენ, ევიკო ცუდად არისო“ _ გვითხრა კლინიკის მენეჯერმა.
მისივე თქმით, ვაქცინაცია აუცილებელია: „სამწუხაროდ ამ ვერაგ დაავადებასთან სხვანაირად ვერ ვიბრძოლებთ. ვაქცინაცია არის ერთადერთი გზა მის დასამარცხებლად. მე კორონავირუსი ცოტა ხნის წინ გადავიტანე, ამიტომ ჩემთვის ვაქცინაცია ამ ეტაპზე არ შეიძლება. ყველას ვურჩევ, რომ ის გაიკეთოს. ჩემმა მეუღლემ გაიკეთა და არანაირი გართულება არ ჰქონია. მესმის, ერთმა უბედურმა შემთხვევამ, რომელიც ახალციხეში მოხდა, ბევრი შეაშინა და ვაქცინაცია შეაფერხა, მაგრამ ყველას მივმართავ, ვაქცინაციის გარეშე ეს დაავადება არ დამარცხდება“.
ლანჩხუთის „მედალფას“ მენეჯერის თქმით, კლინიკაში კოვიდპაციენტებისთვის განკუთვნილი საწოლები სრულად არის ათვისებული:
„ჩვენთან, თერაპიულ განყოფილებაში არის 15 საწოლი, რომელიც ამ ეტაპზე სრულად დატვირთულია. ასევე გვაქვს ერთი რეანიმაციული საწოლი, სადაც მძიმე პაციენტი თავსდება, საბედნიეროდ ასეთი შემთხვევა დღეის მდგომარეობით არ გვაქვს. დღეს, მაგალითად ერთი პაციენტი გამოჯანმრთელდა და გაეწერაბა, მაგრამ ახალი პაციენტი უკვე, რომ იტყვიან, გზაშია და საწოლ ფონდი ისევ შევსებული იქნება. რაც შეეხება კოვიდ ინფიცირებულთა მდგომარეობას - მათი უმეტესობა საშუალო სიმძიმისაა. იყო შემთხვები, როცა ჟანგბადის მიწოდება დაგვჭირდა, მაგრამ ყველაფერი კარგად დასრულდა. პაციენტების კვებაზე სახელმწიფო ზრუნავს. მათ სამჯერადი კვება აქვთ. ერთი პაციენტი ხუმრობდა ამას წინათ, აქ ისეთ კვებაზე მიმაჩვიეთ, სახლში წასვლა არ მინდა, იქ ამფერს ვინ მაჭმევსო. მოკლედ, მართალია კლინიკაში საწოლ ფონდი მარტის თვეში თითქმის ყოველდღიურად შევსებულია, მაგრამ ის რასაც საუბრობენ, რომ ბევრია ინფიცირებული და მალავენო, სიმართლეს არ შეესაბამება. სამწუხაროდ, ძალიან ბევრი ჭორი ვრცელდება. ღვთის ნებით, ყველაფერი კარგად იქნება, მაგრამ უნდა ვიცოდეთ, ვაქცინაცია აუცილებელია“ _ გვითხრა რევაზ კვერენჩხილაძემ.


  • ნანახია: 249-ჯერ
  • ბოლო ნომერი
    18.03.2021
    სხვა ნომრები
    ჩვენ უკვე 12 000 ვართ
        გამოკითხვა
    რა მიგაჩნიათ ლანჩხუთის მთავარ პრობლემად?
  • რეკლამა N7
    გურია today ყველა უფლება დაცულია © 2021