რეკლამა N8
რეკლამა N1
რეკლამა N2
უნიჭიერესი, გულიანი, თავმდაბალი... სოფიო ჩხაიძის შემოქმედება
უნიჭიერესი, გულიანი, თავმდაბალი... სოფიო ჩხაიძის შემოქმედება
9-07-2021, 18:34

ლამაზი საღამო ჩაისთან ერთად ლანჩხუთის ფოლკლორის ცენტრში

... ორი დღით ადრე მითხრეს,  რომ ზეგ ჩემს ამბებს წაიკითხავდნენ და უარი არ მიიღებოდა. მომჩიხეს...
დადგა ზეგ...
დილით სარკეში ჩავიხედე და გაბურძგნულ თავს დავუწყე ლაპარაკი. მადლობა დედას, მადლობა მამას, მადლობა ამ საღამოს ორგანიზატორს,  მეგობრებს, მეზობლებს, ქმარს და შვილებს... და ოსკარის დაჯილდოების რა გითხრათ, მაგრამ ოქროს ბუმბულიც კი წარმოვიდგინე ხელში და სავარცხელი გადავისვი ეშხად. სარკიდან მოკვდა სიცილით ჩემი თავი. ხარხარზე უკვე გავბრაზდი. _ გოგო-მეთქი!! ნუ იცინი! 
დაეშვი მიწაზეო, ხელით მანიშნა და გაქრა. ისევ გაბურძგნული სოფიო მედგა წინ.
შუადღისთვის უკვე გამზადებული ოთახი დამხვდა. იმხელა გარჯა, სითბო, გულწრფელობა, ლოლიავი დამხვდა იქ, ვერ აღვწერ. დაწყებას ვჩქარობდი, მალე დასრულდეს-მეთქი, მაგრამ მერე დამთავრება აღარ მინდოდა. მაია ჭანტურინიო, მადლობა შენ და შენს ამყოლებს. ნორიკო ჩხაიძე, ლია იმნაძე,  ნონა ტუღუში, Nნანი რამიშვილი...  ყველა უმცროსს და უფროსს.  გენაცვალეთ გულში!
სახლში რომ დავბრუნდი, მექანიკურად  სარკეში ჩავიხედე. დასიცხული ცხვირ-პირი შევათვალიერე და ისევ გამიცინა სარკიდან იმ ჩემმა თავმა. მერე ფეხებზე დამხედა.  
ქუსლიანი ფეხსაცმელი უკვე აღარ მიჭერდა. დავეშვი მიწაზე...
ეს უნიჭიერესმა სოფიო ჩხაიძემ დაწერა გუშინ საღამოს, მას შემდეგ, რაც სიურპრიზი მოუწყვეს და ამის შესახებ მას შემდეგ შეატყობინეს, რაც სტუმრები უკვე დაპატიჟებული ჰყავდათ. რადგან იმდენად თავმდაბალია, აუცილებლად ჩაშლიდა, არ ჩაატარებინებდა...
კარგად დაწერა ლანჩხუთის მერიის პიარმა, მაკა სულაბერიძემ _ ამ ქალაქში არის ერთი დიდი შენობა და ამ შენობაში ერთი ოთახი, სადაც ფოლკლორს საგულდაგულოდ ესათუთებიან და თაობებს უნახავენ... 
ჰოდა, იქ შევიკრიბეთ გუშინ... ქალბატონმა მაია ჭანტურიამ მიგვიპატიჟა ჩაიზე და სოფო ჩხაიძის შემოქმედებას კიდევ ერთხელ გადავავლეთ თვალი...
ლანჩხუთის ფოლკლორის დიდმა მოამაგემ და ცენტრის ხელმძღვანელმა ხელნაწერი წიგნიდან წაგვიკითხა სოფიოს გულში ჩამწვდომი ჩანახატები, რომელსაც პერიოდულად და სიამოვნებით ვაქვეყნებთ გაზეთში.
სოფოს განვლილ გზასა და შემოქმედებაში გვამოგზაურეს მისმა მეგობრებმა, ოჯახის წევრებმა... დედამ, ყველასათვგის საყვარელმა პედაგოგმა, თალიკო კვირკველიამ გვიამბო მისი ბავშვობის, სკოლის, სტუდენტობის, ოჯახის შესახებ, ბიცოლამ _ ასევე უსაყვარლესმა მასწავლებელმა, მაყვალა ჟღენტმა ცრემლების გარეშე ვერ გაიხსენა სოფიოს მამის დაღუპვა და მისი (ბიძის _ დურმიშხან ჩხაიძის) ოჯახის როლი, ასევე გამოტყდა, რომ ბავშვობიდან ამაყობს სოფოთი ბიცოლა...
ასევე უნიჭიერესმა მარინე ბარამიძემ, გამორჩეულმა პედაგოგმა ნინო კეკელიძემ და ახლობელ-მეგობრებმა წაიკითხეს ჩანახატები და შეაფასეს ნიჭიერი ადამიანის შემოქმედება...
ჩვენი მხრივ, რა შეგვიძლია ვთქვათ. სოფიოს სტატუსები იმდენად გულში ჩამწვდომია, გაზეთებს ტაციაობა გვაქვს, პირველი ვინ გამოაქვეყნებს, მაგრამ თუ დაგვასწრეს, არც მეორედ გამოქვეყნებაზე ვამბობთ უარს... ზოგადად, გაზეთები ამას არ აკეთებენ, მაგრამ სოფოს შემოქმედება იშვიათ გამონაკლისთა შორისაა, რამეთუ მისი გულშიჩამწვდომი სტატუსები თუ ჩანახატები რამდენჯერაც არ უნდა წაიკითხო, არ გბეზრდება და ყოველ ჯერზე გულში სითბოს გიტოვებს... 
... საღამო ჩაისთან ერთად მართლაც შესანიშნავი გამოვიდა... ბევრმა, ალბათ, სოფო სხვა კუთხითაც აღმოაჩინა... თუმცა მთავარი აქამდეც ვიცოდით _ ნიჭიერი, გულიანი, თავმდაბალი...

  • ნანახია: 145-ჯერ
  • ბოლო ნომერი
    18.03.2021
    სხვა ნომრები
    ჩვენ უკვე 12 000 ვართ
        გამოკითხვა
    რა მიგაჩნიათ ლანჩხუთის მთავარ პრობლემად?
  • რეკლამა N7
    გურია today ყველა უფლება დაცულია © 2021 ავტორი: Project Maker