3
რეკლამა N8
რეკლამა N1
რეკლამა N2
„ბიძინასთვის ჯადოსნური სიტყვა იყო „ლანჩხუთი“ _ მაკა სახურია (რ)
„ბიძინასთვის ჯადოსნური სიტყვა იყო „ლანჩხუთი“ _ მაკა სახურია (რ)
6-09-2021, 22:26

ადრე ჩემი მეუღლის, ბიძინა გუჯაბიძის, გვერდით აქტიურად მიწევდა საარჩევნო და პოლიტიკურ პროცესებში მონაწილეობა. მახსოვს, პირველად 2003 წელს ჩამოვედი ლანჩხუთში და დავიწყეთ ბრძოლა ახალი იდეების, ახალი სასიკეთო გზებისთვის... მას შემდეგ ყველა არჩევნებში აქტიურად ვმონაწილეობდი და ლამის მთელი ლანჩხუთი გავიცანი. საოლქო-საარჩევნო კომისიაში დამცინოდნენ, ლანჩხუთელებმა არა და მაკამ კი ზეპირად იცის, რომელ დღეებში დადის ავტობუსი ჭანჭათიდანო. 
დღემდე უწყვეტი ჯაჭვით ვარ გადაბმული ჩემს გურულ სამეგობროსთან, ჩემთვის ყველაზე საყვარელ ადამიანებთან. მე ჩხოროწყუდან ვარ. მამუკა ჭყონიას ეშლებოდა ჩხოროწყუ და წალენჯიხა და ასე მეხუმრებოდა ხოლმე:
- რა გინდა აქანა, წაი შენს წალენჯიხაში!
- ჩხოროწყუში, მამუკა! - შევუსწორებდი მე ღიმილით და ისიც ეშმაკურად ხითხითებდა. მას შემდეგ 18 წელი გავიდა და მე მაინც უფრო ლანჩხუთთან ვარ დაკავშირებული, ვიდრე მშობლიურ ჩხოროწყუსთან. ახლა, როცა ბიძინა გვერდით აღარ მყავს, ლანჩხუთთან სიახლოვის წყურვილი გამიორმაგდა. მისთვის ჯადოსნური სიტყვა იყო „ლანჩხუთი~... ფიქრით, სულით, გულით სულ თავის კუთხესთან იყო და სულ საბაბს ეძებდა, რომ დედაქალაქში ყველაფერი მიეგდო და ლანჩხუთში გაქცეულიყო. სულ ამბობდა, ცოტაც, ცოტაც და საცხოვრებლად ლანჩხუთში გადავალთო... თუმცა ჩვენი ლანჩხუთი თბილისშიც გვქონდა, სულ ლანჩხუთელებთან ერთად ვიყავით, სულ, სულ, სულ...
ყველა არჩევნებზე, იყო თუ არა თავად კანდიდატი, ბიძინა მოდიოდა ლანჩხუთში და აქტიურად მონაწილეობდა წინასაარჩევნო კამპანიაში. ახლაც უსათუოდ აქ იქნებოდა... მეც მეგობრების წყალობით საქმის კურსში ვარ, აქ რა ხდება, რა პროცესებია, როგორია ხალხის განწყობა, რას მიაღწია და რას ვერ მიაღწია ადგილობრივმა ხელისუფლებამ, ვინ რას საქმიანობს... მიყვარს, მტკივა, მაინტერესებს, მეფიქრება ჩემი საყვარელი ლანჩხუთი...
ლანჩხუთისა და გურულების სიყვარულზე იმდენი მეწერინება, შორს წავალ და მეშინია, თავი არ მოგაბეზროთ. ახლა საჯარო და პოლიტიკური ფიგურების, კადრების კომპეტენტურობასა და ჩვენს არჩევანზე მინდა ვთქვა ორიოდე სიტყვა. ზვიად გამსახურდიას მმართველობას როცა იხსენებენ, სულ ამბობენ, კადრებმა დაღუპა ეროვნული ხელისუფლებაო. შევარდნაძის რეჟიმის კადრებში რომ კორუფცია, ნეპოტიზმი და ათასი უბედურება იყო გამეფებული, ესეც კარგად გვახსოვს. სააკაშვილის ხელისუფლებაში მთავარი პარტიული კუთვნილება, ბრმა მორჩილება და ხელისუფლების ძალმომრეობის გამართლება იყო. „ქართულ ოცნებასაც" საკადრო პოლიტიკაში პრობლემები ჰქონდა და აქვს, რა დასამალია? ამ ფონზე როცა გამოჩნდებიან ხოლმე საოცრად ღირსეული, კომპეტენტური, სუფთა და ნათელი ადამიანები, გვიკვირს და გვიხარია.
ალექსანდრე სარიშვილი ჩემთვის ამ იშვიათ გამონაკლისთა შორისაა. როცა მეორე ვადით წარგადგენენ თვითმმართველობის არჩევით თანამდებობაზე, ორი რამ უნდა გქონდეს: წარმდგენი პოლიტიკური ძალისა და ხალხის ნდობა, რაც ესოდენ ძნელი მოსაპოვებელია, პირდაპირ ნარეკლიანი საქმეა. მიხარია, რომ ჩემს საყვარელ ლანჩხუთს გამორჩეული ლიდერი ჰყავს ალექსანდრეს სახით. ახალგაზრდა, ენერგიული, მზარდი, პროგრესისა და განვითარებისკენ ორიენტირებული, იდეალისტი, ერთგული, თავდადებული, უანგარო, დაუზარელი, ჰუმანური, გულისხმიერი, იდეური, უხინჯოდ პატიოსანი, მშრომელი, პასუხისმგებლიანი, თავაზიანი, თავმდაბალი, ზომიერი, მომთმენი, ნებისყოფიანი - ეს ეპითეტები უშურველად მემეტება ალექსანდრესთვის. თვით მწვავე ოპონენტებიც კი ვერ უარყოფენ მის წესიერებასა და მონდომებას რაიონის სამსახურში. მოკლედ რომ ვთქვათ, ალექსანდრეს კანდიდატურა 2 ოქტომბრის თვითმმართველობის არჩევნებზე უალტერნატივოა. ვფიქრობ, ალექსანდრე სარიშვილს ამომრჩეველმა უნდა მისცეს შესაძლებლობა, რომ მან თავის გუნდთან ერთად განაგრძოს წამოწყებულ პროექტებზე მუშაობა, მუნიციპალიტეტის განვითარების ახალ გეგმებს შეასხას ხორცი, ჩვეული გულისხმიერებით განაგრძოს სოციალური დაცვის მიმართულებით მუშაობა, მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტები მიიყვანოს ბოლომდე და დაგეგმოს ახალი, შეძლოს ახალგაზრდული ენერგიის ჩართვა ლანჩხუთის მართვაში.
თაყვანს ვცემ ლანჩხუთელ ამომრჩეველს, რადგან ასეთი საღად მოაზროვნე, სხარტი, აქტიური, მიხვედრილი და ინფორმირებული საზოგადოება ძალიან, ძალიან იშვიათია. უკვე თითქმის 20 წელია ვაკვირდები პოლიტიკურ პროცესებს ლანჩხუთში და არ მახსოვს, რომ შემცდარიყოს აქაური ამომრჩეველი, ანგარებით გაეკეთებინოს არჩევანი. აქ სამოქალაქო და პატრიოტული თვითშეგნება მწვერვალზეა. დიდი იმედი მაქვს, რომ ყოველივე ამის გათვალისწინებით ალექსანდრე სარიშვილი და მისი გუნდი საკრებულოში ამომრჩევლის უმრავლესობის ნდობას დაიმსახურებენ და დიდი მონდომებით შეუდგებიან ხალხის სამსახურში ყოფნას. მიყვარხართ, მეიმედებით, გგულშემატკივრობთ და გამხნევებთ, ძმებო და დებო! ულევი წარმატება თქვენ ჩვენი გურიისა და საქართველოს სამსახურში!
მაკა სახურია

  • ნანახია: 233-ჯერ
  • ბოლო ნომერი
    18.03.2021
    სხვა ნომრები
    ჩვენ უკვე 12 000 ვართ
        გამოკითხვა
    რა მიგაჩნიათ ლანჩხუთის მთავარ პრობლემად?
  • რეკლამა N7
    გურია today ყველა უფლება დაცულია © 2021