3
რეკლამა N8
რეკლამა N1
რეკლამა N2
"სუფსის მიმართ განსაკუთრებული სიყვარული მაკავშირებს" _ ია მოქია (რ)
"სუფსის მიმართ განსაკუთრებული სიყვარული მაკავშირებს" _ ია მოქია (რ)
4-09-2021, 07:49

ვინ არის ია მოქია?
_ ერთი უბრალო რიგითი ადამიანი, დადებითი თუ უარყოფითი თვისებებით. მე ვარ ადამიანი, რომელსაც ეზიზღება ტყუილი, არ უყვარს პირფერობა, არის მიზანდასახული და უყვარს ადამიანებთან ურთიერთობა.
რას ნიშნავს შენთვის ლანჩხუთი?
ჩემი და ლანჩხუთის ურთიერთობა დაიწყო 2015 წლიდან, როდესაც დავინიშნე საკრებულოს იურისტის თანამდებობაზე და ძალიან მოკლე დროში უზომოდ შემიყვარდა საკრებულოს აპარატი, ეს არის ერთი დიდი ოჯახი, არაჩვეულებრივი ხელმძღვანელით. პროფესიიდან გამომდინარე, მალევე მთელი ლანჩხუთის მოსახლეობა გავიცანი, ვეხმარები მათ სამართლებრივი პრობლემების მოგვარებაში და რაც დაზუსტებით ვიცი, ესაა რომ ლანჩხუთში იციან გულწრფელი სიყვარული, თანადგომა, პატივისცემა, აქ ადამიანის პრობლემას განიხილავენ როგორც საერთო პრობლემას, რაც ყველაზე დასაფასებელია.
შენი ცხოვრების არსი და მიზანი?
მიზანი სიკეთის კეთებაა, სწორედ ამიტომ ავირჩიე იურიდიული პროფესია, მინდოდა, რაც შეიძლება ახლოს ვყოფილიყავი ხალხთან, დავხმარებოდი მათ პრობლემების მოგვარებაში. ჯავახიშვილის უნივერსიტეტში ჩარიცხვისთანავე დავიწყე საკუთარი თავის პროფესიული კუთხის წვრთნა, თავდაპირველად ვიყავი თბილისელების ადვოკატი და უფასო იურიდიულ კონსულტაციას ვუწევდი ხალხს, ვმონაწილეობდი სასამართლო პროცესებში და თავს არ ვზოგავდი მათი პრობლემების მოგვარებისთვის. ამის შემდეგ იყო სახალხო დამცველის აპარატი, თბილისის სააპელაციო სასამართლო და სხვადასხვა სახელმწიფო უწყებაში მუშაობის გამოცდილება. დღეს,  სახელისუფლებო გუნდთან ერთად, მაქვს პატივი და მომეცა შესაძლებლობა ვიბრძოლო სუფსის მაჟორიტარობისთვის, ჩემი სოფლის მოსახლეობას დავეხმარო მის წინაშე მდგარი პრობლემების მოგვარებაში.
ოცნება, რომლის რეალობად ქცევა გსურს?
ჩემი ოცნების რეალურად განხორციელებისთვის ერთი ნაბიჯი უკვე გადადგმულია, ბავშვობიდანვე მსურდა ვყოფილიყავი ადამიანი, რომელიც დაეხმარებოდა ძალიან ბევრ ადამიანს სოფელში. მთელი ბავშვობა სუფსაში მაქვს გატარებული, მამის მხარე - ახალსოფლიდან, ხოლო ჩემი დედულეთი - ხიდმაღალიდან არის. აქედან გამომდინარე, სუფსის მიმართ განსაკუთრებული სიყვარული მაკავშირებს.
რატომ გადაწყვიტე არჩევნებში მონაწილეობის მიღება?
მთავარი მიზანი არის დავეხმარო ჩემს სოფელს და მე ეს შემიძლია, რადგან ჩემს უკან დგას მმართველი გუნდი „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო~ და უაღრესად კეთილშობილი, განათლებული, ღირსეული მერი ალექსანდრე სარიშვილი, დარწმუნებული ვარ ლანჩხუთის მოსახლეობა აბსოლუტური უმრავლესობით ხელმეორედ გამოუცხადებს მას ნდობას. სურვილი მაქვს წლების მანძილზე დაგროვილი პრაქტიკული თუ თეორიული ცოდნა მოვახმარო სუფსის განვითარებას.
პოლიტიკა ეს...
წესებით ბრძოლაა. ვფიქრობდი, რომ პოლიტიკა ძალიან შორს იყო ჩემგან, თუმცა უკვე 7 წელია ვმუშაობ ამ სფეროში და მგონია რომ სწორი, სუფთა პოლიტიკა, რომელსაც ავითარებს სახელისუფლებო გუნდი, არის უმთავრესი.
რას ეტყვი ოპონენტებს?
ჩემ ოპონენტებს პიროვნულად ვცემ პატივს და  მინდა მათ ვუთხრა, ნუ ანიჭებთ უპირატესობას პირად ინტერესს, ნუ დაპირდებით ხალხს ისეთი საქმეების გაკეთებას, რომელიც ყოველგვარ რეალობას მოკლებულია, ნუ გგონიათ ფუჭი დაპირებებით მოიპოვებთ უპირატესობას. მთავარი არის შრომა და საქმე, სუფსის მოსახლეობის სიყვარული, ამ სოფლის განვითარებისთვის ზრუნვა.
სამშობლო...…
სამშობლო ყველაზე მნიშვნელოვანია. აქ ცხოვრობს ყველაზე მებრძოლი, პატრიოტი ხალხი, ჩვენმა ქვეყანამ საუკუნეებს გაუძლო და დღეს არის ერთ-ერთი განვითარებადი, ძლიერი ქვეყანა. საქართველო ხომ ღვთისმშობლის წილხვედრი ქვეყანაა, მისი ალალი, გულწრფელი, საყვარელი შვილებით. მეამაყება, რომ ვარ ქართველი.
სიყვარული?..
სიყვარული არის მთავარი ადამიანების ურთიერთობაში, თუ ადამიანს სიყვარულის შეგრძნება დაკარგული აქვს, იგი ემსგავსება უსულო საგანს, რომელიც მსხვრევადია და მხოლოდ ხმას გამოსცემს, ამიტომ თუ ქვეყნად იქნება მეტი სიყვარული, ეს მხოლოდ დადებითი იქნება თავდაპირველად ჩვენთვის, ადამიანების ურთიერთობისთვის.
შენი ცხოვრების მთავარი ადამიანები...
ჩემს ცხოვრებაში ძალიან ბევრი მთავარი ადამიანია, რა  თქმა უნდა, ყველაზე მთავარი ადგილი შვილს და მეუღლეს უკავია, მთავარი ადამიანები არიან მშობელი, ბებია-ბაბუა, ბიძაშვილები, მეგობრები, ასევე ჩემი თანამშრომლები, არამარტო დღეს მოქმედი სამუშაო ადგილის, არამედ ჩემი კარიერის მანძილზე, ვისთანაც მქონია მუშაობის გამოცდილება. ვარ ძალიან ერთგული და სწორედ ამიტომ, როცა ადამიანს შევიყვარებ, ის ჩემი ცხოვრების მთავარი ადამიანი ხდება. მოხდა შემთხვევა, როცა უკვე ორი წელია აღარ მყავს მამასავით საყვარელი ადამიანი, ჩემი ბიძია, აკაკი მოქია, დღეს ძალიან მიჭირს მის გარეშე ყოფნა, ჯერ კიდევ მოუშუშებელი ტკივილია და ვერ ვეგუები რეალობას, ის ჩემი ცხოვრების უმთავრესი ადამიანი იყო, მისი თანადგომა, სიყვარული, მოფერება, რჩევა, ზრუნვა ჰაერივით მაკლია.
რისი გეშინია?
შინაგანად ძალიან მებრძოლი ხასიათი მაქვს, ვარ შეუპოვარი და ზოგჯერ ზუსტად ჩემი ხასიათის მეშინია, თუ რაიმე მიზანი მაქვს მის განსახორცილებლად ყველა საჭირო, ოღონდ აუცილებლად კეთილ და სამართლიან გზას გამოვნახავ ხოლმე.
პირველი, რასაც არჩევის შემთხვევაში გააკეთებ?
უფალს მადლობას გადავუხდი იმ შანსისთვის, რასაც სუფსის ადმინისტრაციული ერთეულის მაჟორიტარობა ჰქვია, სუფსის მოსახლეობას მოვეფერები და მადლობას გადავუხდი საქმით.
შენ და შენი სოფელი...
უკვე აღვნიშნე, რომ ჩემი სოფლის მიმართ განსაკუთრებული სიყვარული მაქვს, მე და ჩემი სოფელი ვართ ერთიანი ნაწილი, მისი კულტურული ადათ-წესები აჩრდილივით თან დამდევს. მეამაყება, რომ ვარ ამ ულამაზესი სოფლის შვილი და მინდა სუფსა იყოს შესაბამისად დაფასებული, ყველა ადამიანმა იგრძნოს თავი, როგორც ღირსეულ წევრად. განსაკუთრებით მინდა ახალგაზრდა თაობამ იგრძნოს თავი პრიორიტეტულად და ჰქონდეს გართობის, ვარჯიშისთვის, დასვენებისთვის შესაბამისი სივრცე. სოფელში იყოს კეთილმოწყობილი ბაღი, სკოლა, საავადმყოფო, ჰქონდეს ლამაზი ინფრასტრუქტურა, ყველა ოჯახს ჰქონდეს ელემენტარული საცხოვრებელად აუცილებელი პირობები, როგორიცაა ბუნებრივი აირი, ელექტროენერგია, წყალი.
შენი ერთი დღე…
დილა აუცილებლად იწყება ჩემს 2 წლის შვილთან თამაშით, ის ყოველთვის განიცდის უჩემობას, ამიტომ ვცდილობ მასთან გატარებული დრო იყოს ყველაზე თბილი და სიყვარულით გაჯერებული, მასთან ვიყო მხიარული და მხოლოდ „მისი დედიკო". ამის შემდეგ, ფინჯანი ყავა და იწყება სამსახურებრივი მოვალეობის შესრულება, იურიდიული საქმიანობა საკმაოდ შრომატევადია, პარალელურად დოქტორანტურაზე ვსწავლობ და დღის მანძილზე ლანჩხუთის მოსახლეობას ვუწევ იურიდიულ კონსულტაციას. საღამო აუცილებლაად ოჯახს უნდა ეკუთვნოდეს, ვცდილობ მეუღლესთან და შვილთან გავატარო დიდი დრო, გვაქვს გასვლითი დღეები განტვირთვის. ღამის საათები კი ძირითადად სამეცნიერო ნაშრომზე მუშაობას ეთმობა. მუდამ მობილიზებული ვარ, ყოველთვის მაქვს დღის გეგმა და ზოგჯერ ვხუმრობ კიდეც, რომ დღის 24 საათი არ მყოფნის.
დასასრულ...
ყველაზე მთავარი დღეს ჯანმრთელობაა, ამიტომ ყველას ვუსურვებ ჯანმრთელობას და სიმშვიდეს. მალე ისევ ჩვეულ ცხოვრების რიტმს დავუბრუნდებით. გამძლეობა და მხნეობა თქვენ, ჩემო ძვირფასო ადამიანებო.
ილიას სიტყვებით დავასრულებ: „თუ სამართლიანი ხარ და კაცთმოყვარე, მაშინ ყველაფერი ხარ, სავსე კაცი ხარ, იმიტომ რომ იღვაწებ და იმოქმედებ შეძლებისამებრ, რადგან უქმად ყოფნის ნებას გრძნობა სამართლიანობისა არ მოგცემს ამ წუთისოფელში, საცა ოფლის წურვით უნდა ჰყიდულობდეს თვითოეული თავის კერძს ცხოვრებისას, და კეთილ-მოქმედიც იქნები, რადგანაც ავკაცობის ნებას არ მოგცემს გრძნობა კაცთმოყვარეობისა. შეძლებისამებრ იღვაწე და იმოქმედე კეთილი, - სხვას ამის მეტს არასა სთხოვს  ქვეყანა თავის შვილსა".

  • ნანახია: 699-ჯერ
  • ბოლო ნომერი
    18.03.2021
    სხვა ნომრები
    ჩვენ უკვე 12 000 ვართ
        გამოკითხვა
    რა მიგაჩნიათ ლანჩხუთის მთავარ პრობლემად?
  • რეკლამა N7
    გურია today ყველა უფლება დაცულია © 2021