3
რეკლამა N8
რეკლამა N1
რეკლამა N2
რა დეტალები შეიტყო „გურია თუდეიმ“ ე.წ. საავადმყოფოს სკანდალზე
რა დეტალები შეიტყო „გურია თუდეიმ“ ე.წ. საავადმყოფოს სკანდალზე
29-01-2021, 11:14

„გურია თუდეის“ ლანჩხუთის ე.წ. ძველი საავადმყოფოს შესაძლო დახურვასთან დაკავშირებით, ჟურნალისტური გამოძიების ფარგლებში, ერთი მეტად მნიშვნელოვანი ინფორმაცია მოაწოდეს. ერთ დროს ლანჩხუთის ცენტრალური საავადმყოფო არ არის „ადითის“ თუ „აიჰოპის“ ერთადერთი მსხვერპლი. ახლა უკვე ნათელია, რომ მხოლოდ ფინანსური კეთილდღეობა არ ყოფილა მავანის მიზანი, სახეზეა ლანჩხუთში სამედიცინო სისტემის განადგურების დიდი სურვილიც.
დიახ, პანამის ოფშორში რეგისტრირებული კომპანია „ჰუპა ვორლდვაიდ ლიმიტედის“ სასარგებლოდ, სესხის უზრუნველსაყოფად, ჩადებულია ლანჩხუთის ყოფილი ტუბსაავადმყოფოს შენობაც და მიწის ნაკვეთიც! 
რა ესაქმებოდა ლანჩხუთის საავადმყოფოს მმართველ საეჭვო კომპანიას დამოუკიდებელ სამედიცინო ცენტრთან? იმთავითვე ნათელი უნდა ყოფილიყო, რომ  კომპანია საეჭვოდ მოქმედებდა.
„გურია თუდეის“ გაუმხილეს სქემა, თუ როგორ ჩაიგდო ხელში შპს „ჯანმრთელობა-2010“-მა შპს “ფთიზიატრი XXI“, იგივე ტუბსაავადმყოფო. შესაბამისი დოკუმენტაციაც მოგვაწოდეს, რომლის მიხედვითაც ირკვევა, რომ 2010 წლის 11 თებერვალს შპს „ფთიზიატრი XXI“ საჯარო რეესტრში ირეგისტრირებს მფლობელობაში არსებულ 3600 კვ.მ. მიწის ნაკვეთს და მასზე განთავსებულ 672,9 კვ.მ. შენობას. ერთ თვეში ქონება სახელმწიფო საკუთრებაში გადადის. აშკარაა, რომ ის „გასაყიდად“ მზადდება. მართლაც, იმავე წლის მაისში მთლიანი ქონება გადადის შპს „ჯანმრთელობა 2010“-ის საკუთრებაში. ეს იგივე „ადითია“, თუმცა ამ დროს ეს სახელწოდება არ აქვს. უბრალოდ, ორივეს (შპს „ჯანმრთელობა 2010“-ისა და შპს „ადითის“) პარტნიორი ჰოსპიტალური ოპერირების საერთაშორისო საწარმოა. შესაძლოა, ამ საწარმოს აბრევიატურაა აიჰოპი, რისი შვილობილობით შემდგომში თავი მოჰქონდათ "ადითის“ წარმომადგენლებს.
აქ მარტივია _ ქონება „დაითრიეს“ შპს „ჯანმრთელობა 2010“-ით, იმავე კომპანიის სახელით, იმავე წელს, დატვირთეს იპოთეკით და დაეუფლნენ საბანკო სესხს. შემდგომში (მომდევნო წელს) შექმნეს „ადითი“, რომლითაც ოპერირებდნენ. ბევრს კი ეცადნენ „ჯანმრთელობა 2010“ გაეუქმებინათ, მაგრამ საგადასახადო ვალის გადახდაც არ ისურვეს და ამიტომაც საჯარო რეესტრისგან უარი მიიღეს. სამაგიეროდ, „ადითის“ მფლობელებს ჰგონიათ, ვერ შეედავებიან _ მათ ხომ არ დაუგირავებიათ ქონება! თუმცა გამოძიება თუ მოინდომებს, ფაქტი სახეზეა და თუნდაც ჩვენს მიერ სხვადასხვა ნომერში გამოქვეყნებული ინფორმაციები საკმარისია მოკვლევის დასაწყებად. პლუს, ჩვენ მზად ვართ გამოძიებას გადავცეთ ჩვენს ხელთ არსებული ყველა დოკუმენტაცია. თუმცა ეჭვი გვაქვს,ყველამ ყველაფერი იცის, უბრალოდ, დიდი ალბათობით, ამ მთავრობაშიც აღმოაჩნდათ „სამედიცინო ყაჩაღებს“ მფარველები.
როგორც ირკვევა, იგივე სქემით გაანადგურეს ტუბსაავადმყოფო, რომელსაც ქვეყნის მასშტაბით ერთ-ერთი გამორჩეული სპეციალისტი გულნარა ორაგველიძე  ხელმძღვანელობდა. ლანჩხუთის ტუბსაავადმყოფო იმდენად განთქმული იყო, პაციენტები სხვა ქალაქებიდანაც ჩამოდიოდნენ. ქონების გარეშე დარჩენილი შპს „ფთიზიატრი XXI“-ის ლიკვიდაცია 2012 წელს მოხდა.
გასულ წელს, ლანჩხუთში დაიბადა იდეა, რომ „კოვიდ-19-ის პანდემიის ფონზე, საშური საქმე იქნებოდა, თუ ტუბსაავადმყოფოს ტერიტორიაზე გაკეთდებოდა ინფექციური საავადმყოფო, რომელიც ცნობილი ლანჩხუთელი ინფექციონისტის, პაატა იმნაძის სახელობის იქნებოდა.
თურმე ეს შეუძლებელია. დახურული სამედიცინო ცენტრის ფართზე ახლის გახსნა კი არა, მოქმედ საავადმყოფოს შეექმნა საფრთხე, რამეთუ ორივეს ქონებას ყადაღა ადევს პანამის ოფშორში რეგისტრირებული კომპანიის სასარგებლოდ...

  • ნანახია: 102-ჯერ
  • ბოლო ნომერი
    18.03.2021
    სხვა ნომრები
    ჩვენ უკვე 12 000 ვართ
        გამოკითხვა
    რა მიგაჩნიათ ლანჩხუთის მთავარ პრობლემად?
  • რეკლამა N7
    გურია today ყველა უფლება დაცულია © 2021