„მარიამმა ტირილი დაიწყო და თქვა, წელს აღარ წავალ უნივერსიტეტში, გაისად [ისევ] ჩავაბარებო. შინდისის გმირის შვილს მასწავლებლებმა შევუგროვეთ სწავლის ფული“ – ლადო აფხაზავა

|

Loading

ფოტოილუსტრაცია | მარიამ წილოსანი და ლადო აფხაზავა

ლანჩხუთელი პედაგოგი, მასწავლებელთა ეროვნული ჯილდოს მფლობელი ლადო აფხაზავა ამბობს, რომ ხელისუფლების მიერ დაანონსებული „უფასო უმაღლესი განათლება” რეალურად სხვა ფაქტის წინაშე გვაყენებს. განათლების სფეროს წარმომადგენლების ნაწილი ამბობს, რომ რეფორმა მკაცრი შეზღუდვებითა და შემცირებული კვოტებით ხორციელდება, რის გამოც საგამოცდო ბარიერგადალახული და მაღალი ქულების მქონე ახალგაზრდების ნაწილიც კი სასურველ უნივერსიტეტებსა და პროგრამებზე ვერ ჩაირიცხა.

„არის ასეთი სტუდენტი, მარიამ წილოსანი, რომელიც არის შინდისის გმირის [ემზარ წილოსანის] შვილი. აღმოჩნდა ერთ-ერთ უნივერსიტეტში და ამ უნივერსიტეტმა გამოაგზავნა, რომ პირველი სემესტრის თანხა აუცილებლად უნდა იქნას დაფარული, თორემ ისე ვერ გამოცხადდება [სასწავლებელში]. მარიამმა ტირილი დაიწყო, რადგან იცის, რომ თავისმა დედამ, რომელიც ემიგრაციაშია, სულ რამდენიმე თვის წინ დაკარგა სამსახური და ეძებს ახალს და ახლა არაფერი შემოსავალი არ აქვს. ამიტომ გადაწყვიტა, რომ აღარ წავალ უნივერსიტეტში, მომავალში [ისევ] ჩავაბარებო. ამის შემდეგ, მასწავლებელთა ეროვნული ჯილდოს [მფლობელმა] პედაგოგებმა გადავწყვიტეთ, ერთი სასწავლო წლის თანხა მოვაგროვოთ. ქართველმა მასწავლებლებმა აუგროვა ეს თანხა მარიამს. მთელი საქართველო, მშობლები იძახდნენ, რომ სწავლა არის უფასო და ყველანი სხვა რეალობის წინაშე აღმოვჩნდით“ _ უთხრა „ტვ-პირველს“ ლადო აფხაზავამ.

განახლება: რას ამბობს ლანჩხუთის საკრებულოს წევრი და რატომ დაურეკეს მარიამის დედას თავდაცვის სამინისტროდან?

ლანჩხუთის საკრებულოში ფრაქცია „ქართული ოცნება-დემოკრატიულის საქართველოს“ თავმჯდომარის მოადგილე ნინო მშვიდობაძე „გურია Today“-ს ფეისბუკის გვერდზე, ამ თემაზე განთავსებული ე.წ. „ქარდის“ კომენტარებში წერს, რომ 2026 წლიდან, უმაღლესი განათლების დაფინანსების ახალი მოდელი ამოქმედდა, რომლის მიხედვითაც სახელმწიფო უნივერსიტეტებში ჩარიცხული სტუდენტების სწავლის საფასური სრულად ფინანსდება, ხოლო კერძო უნივერსიტეტების სტუდენტებზე სახელმწიფო გრანტი/დაფინანსება აღარ გაიცემა.

იქვე თავის პოზიციას აფიქსირებს მარიამის დედა, თეო წილოსანი:

„ჩემი შვილის ცრემლები გუშინ არავის არ უნახია ჩემსა და ჩემი მეგობრის გარდა. რომ წაიკითხა ბავშმა, თანხა იყო შესატანი სწავლის დაწყებამდე, 10 სექტემბრამდე და იცოდა, რომ არ მქონდა ამის საშუალება ახლა, რადგან ბინაც უნდა გვექირავა და წინასწარ ორი თვისას ითხოვდენენ, ჩემმა შვილმა მე არაფერი მითხრა. ჩემა მეგობარმა მარიამს დაურეკა და ჰკითხა, თუ რატომ იყო სწავლის გაგრძელებაზე უარს, რაზეც უპასუხა, ამ ეტაპზე, დედაჩემს და ბებიაჩემს არ აქვს ამდენი საშუალება და ეს წელი სახლში ვიქნებიო“ _ წერს დედა.

იგი მადლიერია ლადო აფხაზავას და იმ პედაგოგების, ვინც მარიამისთვის პირველი წლის თანხის შეგროვებაზე იზრუნა: „ღმერთმა ასმაგად დაუბრუნოთ ეს სიკეთე, მაგრამ მე სამათხოვროდ ხელი არ გამიშვერია და არც ჩემი მიცვალებული ამით არ შემირცხვენია, როგორც ამბობენ და იმასაც ვიტყვი, რადგან ბევრი იძახის, უფინანსდება სწავლაო. არ უფინასდება არც ვეტერანებიდან და არც განათლების სამინისტროდან. თავდაცვის სამინისტროდან დღეს დამირეკეს, დახმარების სახით მოგემართათ ჩვენთვისო და თურმე ტელევიზია და ჟურნალისტები ცუდად მოიხსენიებდნენ თავდაცვის სამინისტროს [ეს ადარდებთ], თორემ ჩემი მარიამის დარდი სულ არ ქონდათ მაგათ“ _ წერს „გურია Today“-ს ფეისბუკის გვერდზე, კომენტარების ველში თეო წილოსანი.