დაგვიანებული ბოდიში დედას _ ნათია ორმოცაძის ბლოგი: „ჩვენ გვაშინებდნენ ლალი მილიციელით და ინტერნატში გადაყვანით, რადგან იქ იყო „ცუდი“ ბავშვების ადგილი, თითებში სახაზავს გვირტყამდნენ მასწავლებლები…“

|

Loading

ნათია ორმოცაძე | „პუბლიკის“ ფოტო

ლანჩხუთელი ნათია ორმოცაძის ბლოგს „პუბლიკა“ აქვეყნებს. იგი ჩვენს მუნიციპალიტეტში საკმაოდ ცნობილი დედ-მამის შვილია: დედა _ ლია მდინარაძე  იყო უცხო ენის (ფრანგული) პედაგოგი, მამა _ იური ორმოცაძე გახლდათ მეფრინველეობის ფერმის დირექტორი.

ამას წინათ მეტროში ახალგაზრდა ქალბატონს ხელი პატარა გოგონასთვის ჩაეკიდებინა და თითქმის სირბილით მიდიოდა. ბავშვი დიდ ნაბიჯებს დგამდა, რომ დედას დასწეოდა, თუმცა ამაოდ. დედას, როგორც ჩანს, სადღაც ძალიან ეჩქარებოდა და არაფრით უნელებდა ნაბიჯს, შიგდაშიგ მუჯლუგუნსაც კი უთავაზებდა ბავშვს და უყვიროდა – ფეხი გამოადგიო. გოგონა მცდელობას არ აკლებდა, მაგრამ არაფერი გამოსდიოდა… ამ ამბავმა რამდენიმე ათწლეულის წინ გადამაგდო და ძალიან დამასევდიანა. თურმე სულ ტყუილად მეგონა, რომ დღეს მსგავსი აღარაფერი ხდებოდა…

დღეს ყველამ კარგად ვიცით, რომ აღზრდის საბჭოთა მეთოდები კრემლში იწერებოდა პროპაგანდისტების მიერ და მხოლოდ და მხოლოდ ერთ რამეს ემსახურებოდა – აღზრდილიყო საბჭოთა ადამიანში მორჩილი, ხელისუფლებასთან თანხმობაში მყოფი, ყოველგვარი პროტესტისა და განსხვავებული აზრის უქონელი, ყველაფერზე ტაშის დამკვრელი საზოგადოება. ამგვარი ადამიანის აღზრდას, ცხადია, განსაკუთრებული გეგმა სჭირდებოდა. სისტემამ ძალიან სწორად გათვალა, რომ დასჯა უნდა ყოფილიყო ის იარაღი, რომელიც ასეთი მორჩილი თაობის აღზრდას უზრუნველყოფდა.

საბჭოთა აღზრდის ერთ-ერთი ყველაზე მთავარი ლოზუნგი, რომელსაც ხშირად გვიმეორებდნენ და რომელიც ესოდენ საჭირო იყო მორჩილი საბჭოთა მოქალაქის აღსაზრდელად, ასე ჟღერდა – „აღზარდე შვილი მტრად, თუ გინდა, რომ გამოგადგეს მოყვრად”. ჰოდა, ამ ლოზუნგის თანახმად, ჩვენ ვისჯებოდით ყველა წვრილმანის გამო, არ ჰქონდა მნიშვნელობა, რა იქნებოდა ეს – დაბალ ნიშანს მივიღებდით, შემთხვევით ჭურჭელი გაგვიტყდებოდა თუ გზაში უცებ ფეხი დაგვიცდებოდა და წავიქცეოდით. ჩვენ გვსჯიდნენ მშობლები; ჩვენ გვსჯიდნენ მასწავლებლები, რომელთა ნაწილს ხელში თითქოსდა გაკვეთილისთვის საჭირო ინვენტარი, ჯოხი ეჭირა; ჩვენ გვაშინებდნენ ლალი მილიციელით, რომელიც „ბავშვთა ოთახში” წაგვიყვანდა გამოსასწორებლად; ჩვენ თითებში სახაზავით გვცემდნენ მუსიკის მასწავლებლები, როცა არასწორ კლავიშს ავიღებდით ფორტეპიანოზე; ჩვენ გვიყვიროდნენ და ფეხებში ჯოხს გვირტყამდნენ, როცა ქართულ ცეკვებს გვასწავლიდნენ (თან ეს გამართლებული იყო – აბა ცეკვა თუ გინდა, აქ ასეთი წესიაო); ჩვენ გვემუქრებოდნენ, რომ სკოლა-ინტერნატში გადაგვიყვანდნენ, რომელიც ჩვენი სკოლის გვერდით მდებარეობდა, რადგან იქ იყო „ცუდი” ბავშვების ადგილი (არადა, იქაც ჩვენნაირი ბავშვები სწავლობდნენ, ოღონდ ხელმოკლე ოჯახებიდან) და კიდევ რომელი ერთი ჩამოვთვალო.

დასჯა იყო მთავარი ბერკეტი ჩვენი აღზრდისა, ამაზე იყო აგებული მთელი სააღმზრდელო სისტემა, ვინაიდან მაშინდელმა პროპაგანდამ ძალიან კარგად იცოდა, რომ დასჯილ ადამიანში დანაშაულის გრძნობა  ღვივდებოდა. და ადამიანი, რომელსაც გამუდმებით თან სდევდა დანაშაულის გრძნობა, ადვილი სამართავი იყო. ამგვარად შიშის ჩანერგვა ადამიანში აუცილებელი იყო იმისთვის, რომ მასში აღზრდილიყო ხარისხიანი მონა. 

ამ მეთოდით აღზრდილ ადამიანში ნელ–ნელა კვდებოდა თავისუფლების წყურვილი, აზროვნება, ახლის შემეცნების სურვილი, ნაცვლად ფესვს იკიდებდა მერყეობა, საკუთარი თავისადმი უნდობლობა, და ნელ–ნელა წელში ტყდებოდა თავდაჯერებულობა. სისტემა ყველა სიტუაციისთვის მზამზარეულ რეცეპტებს სთავაზობდა მას და აღარ უტოვებდა სივრცეს პიროვნული განვითარებისთვის. ასეთი „ფუფუნება” ერთი მხრივ თითქოს კომფორტული იყო, თუმცა სხვა მხრივ ვოლიერის ცხოველად აქცევდა ადამიანს, რომელსაც ხორცის ყველა აუცილებელი მოთხოვნა დაკმაყოფილებული ჰქონდა – იყო მაძღარი, არ სწყუროდა, არ სციოდა. და ამგვარად უნარჩუნებდა სისტემა სიცოცხლეს თავის ყოველი მხრიდან ლპობაშეპარულ სხეულს.

ამგვარად ზრდიდნენ ჩვენში მონას. მონას, რომელსაც ყველაფერი უპირობოდ უნდა მიეღო და დაეჯერებინა; თან მტკიცედ უნდა სცოდნოდა, რომ ყველაფერი, რასაც პარტია სთავაზობდა, მხოლოდ და მხოლოდ მისივე სიკეთისა და ბედნიერებისკენ იყო მიმართული და სხვა მიზანი არა ჰქონია.

სისტემას ეშინოდა თავისუფალი ადამიანის. ასეთი ადამიანი კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენებდა სისტემისავე არსებობას. ამიტომ სწორედ ადამიანის თავისუფლების ხარისხი (რომელიც აუცილებლად დაბალ ნიშნულზე უნდა ყოფილიყო) განაპირობებდა სისტემის სიმტკიცეს. თუ საბჭოთა ადამიანი  არ იქნებოდა სამაგალითო მონა, ნელ-ნელა წყალი შეუდგებოდა სისტემასაც. 

სხვაზე ვერაფერს ვიტყვი, საკუთარი მაგალითიდან მხოლოდ ამის თქმა შემიძლია – ამ აღზრდის შედეგია ის, რომ დღეს მე ყველა (თუნდაც სულ უმნიშვნელო) გადაწყვეტილებას შიშით ვიღებ, ყველა ცვლილება გულის გახეთქვამდე მაშინებს, ყველა წინსვლას ეჭვის თვალით ვუყურებ, მიჭირს საკუთარი თავის ნდობა, და ჩემი შესაძლებლობების ალბათ მხოლოდ მეათედს ვიყენებ. ამიტომაცაა, რომ მე ცხოვრების ვერცერთ სფეროში ვერასოდეს ვერ გადავდი რადიკალური ნაბიჯი და ვერ შევცვალე არსებული უკეთესით. ვერასოდეს დავიჯერე ჩემი თავის, რომ შემეძლო პროფესიის გამოცვლა, ახალი ენების შესწავლა, სამსახურის შეცვლა, კარიერულ კიბეზე თუნდაც ერთი საფეხურით ანაცვლება და კიდევ რომელი ერთი ჩამოვთვალო… რადგან მე მომპარეს თავისუფლება და შემკვეცეს საფრენად შემართული ფრთები.

დაბოლოს, დღეს მე ვუბოდიშებ დედას იმის გამო, რომ ამ ყველაფრისთვის პასუხისმგებლობის ტვირთი დიდი ხნის წინათ მას დავაკისრე. და როცა ნამდვილი დამნაშავე ამოვიცანი, ბოდიში უკვე დაგვიანებული იყო…

ნათია ორმოცაძე, „პუბლიკა“

რას ჩივი?