„თინა ბებოს კივილ-ტირილი მთელ გვიმბალაურს ესმის…“ _ დღეს ლანჩხუთი ემშვიდობება სამი გმირის გამზრდელ დედა-ბებიას, რომელიც სიცოცხლეშივე იქცა ლეგენდად!

|

Loading

ფოტოკოლაჟი | თინა, ჯამბულათ უმცროსი, ჯამბულათ უფროსი და არჩილ ხოფერიები

ჯამბულათის ტირილზე ბევრი ხალხი იყო…

თინა ბებია და ელენე (დედა) მეორე სართულზე ესხდნენ ჯაბას…

არჩილი (მამა) სამძიმარს იღებდა კიბესთან…

ბაბუა უკანა ოთახში იჯდა, მე და ნინო ვყავდით გვერდით, დამშვიდებას ვცდილობდით, მაგრამ ადამიანს შვილიშვილის დაკრძალვის დღეს ვერ ანუგეშებ, გამორიცხულია…

იმდენი ტანჯვა ჰქონდა გადატანილი – აქეთ დაგვამშვიდებდა…

– ჯერ შვილი მივაბარე მიწას, დღეს შვილიშვილს ვმარხავ, რა დავაშავე ასეთი? –  გარეთ იყურება, მანდარინს უხვად ასხია.

პასუხი არ გვაქვს, წამიერი სიჩუმეა, ცეცხლთან წამოწოლილი მძინარე კატა კრუტუნებს მხოლოდ.

– რამდენ ტკივილს უნდა გავუძლო, მითხარით… – აგრძელებს თავად – დავუშავე ღმერთს რამე? პირდაპირ მე რომ მოვეკალი, არ ჯობდა?

ზემოდან თინა ბებიას კივილ-ტირილის ხმა ისმის, ხალხი მოდის და მოდის, ბაბუა მხოლოდ მზერაგაშეშებით გამოხატავს მწუხარებას; ცოლის ყველა შეკივლებაზე თვალები ეცრემლება, არაფერი მეტი…

– იმფერი დროია მოსული, ჯამბულიეს ქვაი არ მომპარონ საფლავზე, მეშინია – ამბობს თავისთვის…

მე და ნინო ხმას ვერ ვიღებთ… არადა, კაცმა რომ გვკითხოს, ფსიქოლოგები ვართ…

– ხალხის ტევა არაა ეზოში, უკრაინელებიც მოდიან – ვიხედები ფარდიდან.

– ყველას მადლობელი კი ვარ მარა… ეჰ…

ხალხი ადის და ადის, რიგები დგას, დღეს მთელი გურია ლანჩხუთშია თავმოყრილი. თინა ბებოს გლოვა მთელ გვიმბალაურს ესმის, ბაბუა კი ჩუმადაა, კაცმა წუხილი არ უნდა შეიმჩნიოსო, დაუწესებიათ…

– რთულია ღმერთის ჩანაფიქრის შეცნობა – ამშვიდებს ნინო – ყველანი სიკვდილის შვილები ვართ.

– იმდენი საყვარელი ადამიანი მყავს იქით, შვილო, სიკვდილი კაი ხანია აღარ მაშინებს – ოხრავს მწარედ.

ზევით თინა ბებია ტირის, ბაბუა – ჩუმადაა…

ეს 2022 წლის დეკემბერში სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული სულისშემძვრელი წერილია, როცა ჯამბულათ უმცროსს გამოვემშვიდობეთ უკანასკნელ გზაზე.

იქამდე, თითქმის 30 წლით ადრე, ოჯახმა და ლანჩხუთმა ჯამბულათ უფროსი გააცილა ზეციურ საქართველოში.

… მაშინ მომავალი გმირების გამზრდელმა თინა ხოფერიამ სამშობლოს დასაცავად მეუღლე და ორივე შვილი გაუშვა…

შვილმკვდარმა დედამ მერე შვილიშვილი დალოცა რუს ოკუპანტებთან საბრძოლველად…

ახლა მისი მეორე შვილი _ არჩილი იბრძვის უკრაინაში, ტრადიციული მტრის წინააღმდეგ…

„თუ ქართველ დედაზე და ქართველ დედაბოძზე სიტყვა ითქმევა, მაშინ ამ ღირსეული ქალის რეალური ცხოვრებიდან უნდა დავიწყოთ ყველაფრის მოყოლა. იგი სიცოცხლეშივე ლეგენდა გახდა. ყველა დაღუპული მებრძოლის დედა იყო და ცოცხალ მებრძოლებს დედობრივ მზრუნველობას არ გვაკლებდა და ამდენი ენით აუღწერელი ტკივილის ასე ღირსეულად ატანა, მხოლოდ რჩეულთა ხვედრია და ეს გმირობაზე მეტია!“ _ ამ სიტყვებით ახასიათებს თინა ხოფერიას მისი შვილების თანამებრძოლი ზაზა ჩხაიძე.

„სამი გმირის გამზრდელო ქალო, მრავალჭირნახულო, სამი ეპიზოდი დამიდგა თვალწინ: დიდი ჯამბულათის დაკრძალვის დღის, შენი სახლიდან გამოსვლის, ძუ ვეფხვის მაგვარი თინა ფეხით მიმავალი უკვე ძაძებში შემოსილი ლანჩხუთიდან ზუგდიდში და გუშინწინდელი ჩვენი საუბრის დროს ოპტიმისტი თინა დეიდა. მადლობა უფალს, შენი ფასი ვიცოდი, მადლობა შენ ყველაფრისთვის, გეხუტები შორიდან მაგ გაციებულ გულში, ოჯახის, ქვეყნის წინაშე ვალმოხდილო ადამიანო“ _ ლანჩხუთელი პოლიტიკოსი ლელა ჩახვაძე სამძიმრის წერილს საფრანგეთიდან გზავნის.

„დედას არ ეშინოდა სიკვდილის, ჩემი მარტო დატოვების ეშინოდა. მე არ მეშინია სიკვდილის, უდედობის მეშინია“ _ ეს  არჩილ ხოფერიას ტკივილია უკრაინიდან…

მშვიდობით, საამაყო და სამაგალითო ქართველო დედავ, მადლობას გიხდით გმირების აღზრდისა და სამშობლოს უანგარო სიყვარულისთვის. იმისთვის, რომ შვილები და შვილიშვილი საქართველოსთვის გაზარდეთ. უფროსი ჯამბულათის დაღუპვის შემდეგ, შვილიშვილს უფლება მიეცით, ებრძოლა მტრის წინააღმდეგ და ახლა ამხელა ტრაგედიების მერე, ერთადერთი შვილიც დამპყრობლის შესაჩერებლად მიავლინეთ…

აფერუმ, თქვენს ქალობას, მართლაც ლეგენდარულო თინა ხოფერია!

მამუკა ქანთარია

რას ჩივი?