ლანჩხუთის ქალთა გუნდი ჩემპიონთა ლიგაზე ისტორიის დაწერას განაგრძობს _ ჩვენებურებმა ჩრდილოეთ ირლანდიის „კლიფტონვილი“ 2:1 დაამარცხეს [ასევე წაიკითხეთ: MR. ZENGA და 19 ციცა „ფადილ ვოკრიზე“ _ ლანჩხუთი ჩემპიონთა ლიგაზე ისტორიის დაწერას განაგრძობს… ზეიმის ფოტო პრიშტინადან https://shorturl.at/7kSng]
„გურია თუდეი“ მატჩის დასრულებიდანვე ცდილობდა გურულთა წარმატების მთავარ შემოქმედთან, გიორგი ჩხაიძესთან ინტერვიუს ჩაწერას, რაც დილის 6 საათისთვის მოვახერხეთ:
_ გიორგი, გილოცავთ მორიგ წარმატებულ თამაშს ჩემპიონთა ლიგაზე!
_ დიდი მადლობა, ეს ჩვენი მეოთხე მოგებაა ლიგაზე, რითაც ძალიან ბედნიერი და ამაყი ვარ. ვულოცავ ჩემს ფეხბურთელებს, სტაფს, ხელმძღვანელობას და რა თქმა უნდა, ჩვენს გულშემატკივართა დიდ არმიას, მთელ ლანჩხუთს.
_ მართალია, ერთ წუთში ორი გოლი გავიტანეთ, მაგრამ იოლად არ მოგვიგია…
_ რა თქმა უნდა. არც ველოდით იოლ მოგებას. რაც დავგეგმეთ, ყველაფერი კარგად შესრულდა და ეს გამარჯვება ალალად დავიმსახურეთ. ჩვენ თამაში ეთერ სულაშვილზე გვქონდა აწყობილი და რაც იძულებითი შეცვლის გაკეთება მომიხდა, შემდეგ მიეცა შანსი მეტოქეს. მანამდე მთელი შეხვედრა ჩვენი კარნახით და უპირატესობით მიდიოდა. ყველა მოთამაშემ მაქსიმუმი გაიღო, „სულას“ გასვლის შემდეგ, ლიდერის ფუნქცია კოლუმბიელმა კამარგომ ჩინებულად იტვირთა.
_ ალბათ, დაგაკლდათ მარიამ კალანდაძე, რომელმაც გუნდი რამდენიმე დღის წინ დატოვა, ერთობ სარისკო იყო ტატა მატვეევას დაცვაში გამწესება…

„ლანჩხუთის“ ხელმძღვანელობა და მწვრთნელები „ფადილ ვოკრიზე“ | მარჯვნიდან: გუნდის პრეზიდენტი აკაკი ჩხაიძე, მთავარი მწვრთნელი გიორგი ჩხაიძე, მწვრთნელი ირაკლი ხვედელიძე, გენერალური დირექტორი _ რეზი ჩხაიძე
_ რა თქმა უნდა, „კალა“ ჩვენი გუნდის ლიდერი იყო, ზოგადად, საქართველოში ერთ-ერთი საუკეთესო მცველია და მისი წასვლა დიდი დანაკლისია. რაც შეეხება მატვეევას, ის დიდი გამოცდილების მქონე ფეხბურთელია, რა თქმა უნდა, რისკია ფორვარდის დაცვაში დაყენება, მაგრამ ჩვენს ფეხბურთელებს სხვადასხვა პოზიციაზე წარმატებით შეუძლიათ თამაში და დარწმუნებული ვიყავი, ტატა ჩვენს ნდობას გაამართლებდა. თქვენ წარმოიდგინეთ, მატჩის ბოლოსკენ, როცა შემოგვიტიეს, დავიძახე _ კალანდაძე, ყურადღებით! ანუ ჯერაც გუნდში მგონია მარიამი, პლუს ეს იმასაც ნიშნავს, რომ ისე კარგად ითამაშა უკანა ხაზმა, წამყვანი მოთამაშის არყოფნა არ გვიგრძვნია.
_ „ლანჩხუთის“ მომავალი მეტოქე უკრაინული „ვორსკლაა“…
_ ძალიან ძლიერი გუნდია, თუმცა ჩვენ მაქსიმუმის გაკეთებას ვეცდებით, რომ გავახაროთ ჩვენი გულშემატკივარი. საქართველოდან ერთადერთი გუნდი ვართ, რომელიც ევროტურნირებს შემოვრჩით, რაც ჩვენს პასუხისმგებლობას ზრდის.
_ დასასრულ, რას იტყვით ქალაქზე, სტადიონზე…
_ გამოგიტყდებით, არ ველოდი, გაოცებული ვარ, ისეთი მაღალი დონეა. საუცხოო პირობებში ვიყავით და ვემზადებოდით მატჩისთვის.
მამუკა ქანთარია


